მოწევასთან ბრძოლა საქართველოში: გაერო კმაყოფილია

საქართველოს მოსახლეობის 40% თამბაქოს კვამლის ზემოქმედებას განიცდის
Sputnik

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. გაერო მხარს უჭერს საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო პოლიტიკის დანერგვას და მწეველთა რაოდენობის გაზრდის ფონზე მისი განხორციელების მნიშვნელობაზე მიუთითებს — ბოლო წლებში მწეველი ქალების რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზარდა, ნათქვამია საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

1 მაისიდან საქართველოში ამოქმედდება ცვლილებები, რომლებიც საზოგადოებრივ ადგილებში თამბაქოს მოხმარებას კრძალავს — ბარებში, რესტორნებში, სასტუმროებში, კაფეებში და სხვა შენობებში. გამონაკლის შეადგენს ბარებისა და რესტორნების ღია ვერანდები და ტერასები. ასევე იკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა.

სად ვეღარ მოწევთ სიგარეტს 1 მაისიდან: დაშვებული და აკრძალული სახეობები და ადგილები

„გაეროს სააგენტოთა ჯგუფი მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ერთი წლის წინ მიღებული ამ მნიშვნელოვანი რეგულაციის დანერგვას. პროცესში ჩართული ყველა მხარე დაინტერესებულია მოხდეს კანონის დანერგვა, რათა ქვეყნის დღევანდელი და მომავალი თაობები დაცულ იყვნენ თამბაქოს მოხმარების კატასტროფული შედეგებისაგან“, — ნათქვამია UNDP Georgia-ს განცხადებაში.

გაეროში აღნიშნავენ, რომ საქართველოში მამაკაცთა 57% მწეველია — ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. უფრო მეტიც, მოსახლეობის 40%-ზე მეტი თამბაქოს კვამლის ზემოქმედებას განიცდის.

მარიხუანა – მითები და რეალობა

„ბავშვებს აქვთ აბსოლუტური უფლება დაცული იყვნენ თამბაქოს კვამლის ზემოქმედებისაგან… საქართველოში ათასობით მწეველი და აგრეთვე  მწეველთა გარემოცვაში მყოფი ადამიანი, იტანჯება უამრავი დაავადებით, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ფილტვების დაავადებებით და კიბოთი“, — ხაზგასმულია განცხადებაში.

საქართველოში მწეველები დათვალეს >>

საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 11 000 ადამიანი იღუპება თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების გამო, და მათ შორის 2 000-ზე მეტი პასიური მწეველია. 

მწეველი საქართველო - შენთვის ჯერ ადრეა, შვილო...

„ეს საგანგაშო მაჩვენებლები ნათლად მიუთითებს თამბაქოს კონტროლის სფეროში მძლავრი და გადაუდებელი ქმედებების აუცილებლობაზე. აღნიშნული კანონმდებლობის დანერგვა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ათასობით საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენის და ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით“, — აცხადებენ გაეროში.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ კაზინოებს სასამართლოში უჩივლებს

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ კანონმდებლობა მოსახლეობაში დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. კერძოდ, მოსახლეობის 79%-ზე მეტი საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის წინააღმდეგია, 90%-ზე მეტი მხარს უჭერს თამბაქოს ნაწარმის რეკლამის აკრძალვას.

2017 წელს გაეროს განვითარების პროგრამამ და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოსთან ბრძოლის ჩარჩო-კონვენციამ კვლევა ჩაატარეს. გამოითვალეს ეკონომიკური ზარალი, რომელიც ქვეყანას თამბაქოს მოხმარებამ მოუტანა, ასევე საქართველოში გატარებული თამბაქოს საწინააღმდეგო ღონისძიებების შედეგები. თამბაქოს მოხმარების გამო ყოველწლიურად ქვეყანა 824 მილიონ ლარს ანუ მშპ-ს 2,43%-ს კარგავს.

საგანგაშო დასკვნა: ვეიპების მოწევა დნმ-ს სახიფათოდ ცვლის

ამავე კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში თამბაქოს საწინააღმდეგო ოთხი ძირითადი ღონისძიების გატარება — საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვა, თამბაქოს ნაწარმის რეკლამირების აკრძალვა, სიგარეტის შეფუთვაზე ეფექტური გამაფრთხილებელი დიზაინის მქონე ეტიკეტების დატანა და ფასის გაზრდა — უახლოეს 15 წელიწადში 3,6 მილიარდ ლარს დაზოგავს და 53 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს იხსნის.

საქართველოში სიგარეტი ახალი შეფუთვით 1 სექტემბრიდან გაიყიდება >>

„გაეროს საქართველოში კვლავაც ადასტურებს, რომ მტკიცედ განაგრძობს  სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერას საქართველოში თამბაქოს კონტროლის გაძლიერებისათვის, რომლის საბოლოო მიზანია ქვეყნის მოსახლეობას მისცეს შესაძლებლობა მიაღწიოს ჯანმრთელობის უმაღლეს შესაძლებელ სტანდარტს“, — აღნიშნულია განცხადებაში.