თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველო და უკრაინა ორი ქვეყნის სასაზღვრო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და პერსონალის მომზადებას იწყებენ, ნათქვამია უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.
შეთანხმება მიღწეულია საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის, თემურ კეკელიძის უკრაინაში ვიზიტის დროს, რომელიც ხუთშაბათს დაიწყო და 28 აპრილს დასრულდება. კეკელიძემ დაბა ორშანეცში გამართა მოლაპარაკებები უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე, გენერალ-ლეიტენანტ პეტრო ციგიკალოსთან.
„სასაზღვრო უწყებების ხელმძღვანელებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აქტიური ორმხრივი თანამშრომლობის დასაწყისი საქართველოს და უკრაინის სასაზღვრო უწყებების განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს, ხოლო მსგავსი სამუშაო შეხვედრები სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერებას ემსახურება“, — ნათქვამია განცხადებაში.
მოლაპარაკებების შემდეგ კეკელიძემ და ციგიკალმა ორშანეცში დაათვალიერეს უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პირადი შემადგენლობის მომზადების მთავარი ცენტრი, რომელიც გენერალ-მაიორ იგორ მომოტის სახელს ატარებს.
ცენტრში კეკელიძე გაეცნო უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უმცროსი პერსონალის და ოფიცრების მომზადების სისტემას, სასწავლო-მატერიალურ ბაზას, საცხოვრებელ პირობებს და მესაზღვრეების სწავლების სისტემას.
საქართველო და უკრაინა მზად არიან, ერთმანეთის მართვის მოწმობები აღიარონ >>
შეხვედრის შეჯამებისას, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კეკელიძემ აღნიშნა, რომ ვიზიტის შედეგებით კმაყოფილია, დაინტერესებულია სასწავლო-მატერიალური ბაზით და საუწყებო პერსონალის მომზადების მთავარი ცენტრის შესაძლებლობებით.
კეკელიძის გარდა, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან მისი მოადგილე კახაბერ ჩიქოვანი და საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი სოფიო ბერიძე.