თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო გაეხვა სკანდალში ოპერაციის გამო, რომელიც კლინიკის ექიმებმა ორი თვის ნენე მოდებაძეს ჩაუტარეს და დოლბანდის ტამპონი ჩაუტოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ახლა ნენე 2 წლისაა, როდესაც ის ორი თვის იყო, მას ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ მსგავსი ოპერაციის ჩატარება საქართველოში ვერ შეძლეს, მას ე.წ. მოსამზადებელი ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა.
გოგონას დედის, ლია ალიბეგაშვილის თქმით, რვა თვეში ბავშვის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, მუცელი გაეზარდა და სითხით გაივსო. გოგონას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, იაშვილის კლინიკის ექიმები ვერ ადგენდნენ მისი შეუძლოდ ყოფნის მიზეზებს და ოჯახმა ბავშვის წაყვანა საფრანგეთში გადაწყვიტა.
25 წლის შემდეგ ქალის მუცლის ღრუდან სამედიცინო პინცეტი ამოიღეს >>
ფრანგ ექიმებსაც გაუჭირდათ დიაგნოზის დასმა, ერთ-ერთი პროფესორი ქართველ ქირურგს დაუკავშირდა, რომელმაც ნენეს ოპერაცია თბილისში გაუკეთა. თუმცა ფაქტობრივად მან რაიმე პასუხი ვერ მიიღო.
შემდგომში, როდესაც პატარა ერთი წლისა და ორი თვის იყო, ფრანგმა ექიმებმა ოპერაციის ჩატარება გადაწყვიტეს და გოგონას მუცელში აღმოაჩინეს დოლბანდი.
„ხუთი საათის შემდეგ ექიმი გამოვიდა, შუშით ტამპონი გამომიტანა და მითხრა, აი ნახე, რა ვნახეთ მის მუცელში და ნენეს რა ტანჯავდაო… ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაწირეს ბავშვი. ეს, რაც თქვენ დაგემართათ, აფრიკის ქვეყნებში არ ხდებაო, საიდან ჩამოხვედიო — ზუსტად ასე მითხრა ექიმმა“ — ამბობს ლია ალიბეგაშვილი.
აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის მუხლით „ჯანმრთელობისათვის ნაკლებად მძიმე ან მძიმე ზიანის მიყენება გაუფრთხილებლობით“, რაც ჯარიმით ან ორ წლამდე ვადით გამასწორებელი სამუშაოებით ისჯება.
აღნიშნული საკითხით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში“ დაინტერესდნენ.
„ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას დაწესებულებაში შესვლის თაობაზე, როგორც კი გვექნება სასამართლოს გადაწყვეტილება დავიწყებთ დაწესებულებაში სამედიცინო დოკუმენტაციის განხილვას და შემდგომ პროცედურებს“, — აცხადებს სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსი ნინო ხუციშვილი.
ოჯახის ინტერესებს იცავს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. ასოციაციის ადვოკატთა თქმით, არსებობს ყველა წინაპირობა, რომ ოჯახს როგორც მატერიალური, ისე მორალური ზარალი აუნაზღაურდეს.
ამჟამად ნენეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რამდენიმე თვის წინ საფრანგეთში მას ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად ის სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.
იაშვილის კლინიკაში განაცხადეს, რომ უახლოეს დროს ამ საკითხთან დაკავშირებით კლინიკაში განცხადება გაკეთდება.