საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში გამგზავრების წესები მკაცრდება

უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენციის მიზნით, გვარის შეცვლის შესაძლებლობები შეიზღუდა და პროცედურები გამკაცრდა
Sputnik

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. შენგენის ზონის ქვეყნებში გამგზავრებაზე შესაძლოა წესები გამკაცრდეს, იწყება ტელეკომპანია Imedi.

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ტურისტულ, საქმიან და მიწვევით ვიზიტებზე (180 დღიდან 90 დღის განმავლობაში). უვიზო რეჟიმით საქართველოს 192 ათასზე ბევრმა მოქალაქემ ისარგებლა. 

ელექტრონიკა შენგენის საზღვარზე: უცხოელებს შესვლამდე დაარეგისტრირებენ

ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდისა და კრიმინალური დაჯგუფებების გამო შეშფოთება გამოთქვა. გერმანიის გადაწყვეტილებით, მთლიანად შენგენის ზონაში რამდენიმე წლით შესვლა აეკრძალებათ იმ პირებს, რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფარზე.

უვიზო რეჟიმის შეჩერების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებები გაააქტიურა და კანონმდებლობის გამკაცრება დაიწყო.

 „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ" კანონში ცვლილებები მომზადდა, რომლის მიხედვით, გაფართოვდება ის საფუძვლები, რომლის მიხედვით ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე შეიძლება უარი ეთქვას.

ახალი, შესაძლო ცვლილებების მიხედვით, თუ საქართველოს მოქალაქე ევროკავშირის/შენგენის სივრცის იმ ქვეყანაში მიემგზავრება, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს, მას შეიძლება საზღვრის გადაკვეთაზე უარი ეთქვას იმ შემთხვევებში, თუ პირს არ გააჩნია:

— ბიომეტრიული პასპორტი, რომელიც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაშია გაცემული და რომლის მოქმედების ვადაც საქართველოში დაბრუნების დღისათვის არანაკლებ სამი თვეა;

— უკან დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;

— სასტუმროს/საცხოვრებელი ბინის მოქმედი ჯავშანი ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი და მისამართი ან ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის მისამართი;

— სამოგზაურო დაზღვევა და ასევე, მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების გაცემა გახშირდა

დღეს მოქმედი კანონით, საქართველოს მოქალაქეს საზღვრის გადაკვეთაზე უარი იმ შემთხვევაში შეიძლება ეთქვას, თუ პირი სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება, ან თუ ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს წარადგენს.

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი პარტია  „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებმა არჩილ თალაკვაძემ, ეკა ბესელიამ, მამუკა მდინარაძემ, გიორგი ვოლსკიმ, კახა კუჭავამ, ოთარ დანელიამ, გიორგი ხატიძემ და ზვიად კვაჭანტირაძემ მოამზადეს.

პროექტის ინიცირება ბიუროს უახლოეს სხდომაზე იგეგმება.

უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენციის მიზნით, მიმდინარე თვეში პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვით გვარის შეცვლის შესაძლებლობები იზღუდება და პროცედურები მკაცრდება. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე, რომელსაც უარს ეუბნებიან ევროპაში თავშესაფრის მიღებაზე, ან დანაშაულს ჩაიდენს, სამშობლოში ბრუნდება, ნათესავების გვარზე გადადის, შემდეგ კი კვლავ ევროკავშირის ქვეყნებში მიემგზავრება.