„ჩვენი ქალაქი უნდა გამოვაცოცხლოთ“: თბილისის მერია დასვენების სფეროზე იზრუნებს

6 თვის განმავლობაში ყოველი თვის ბოლო შაბათს ლისის ტბაზე დასვენებისა და გართობის ფესტივალი გაიმართება.
Sputnik

თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. თბილისის მერია იწყებს ყოველთვიურ ფესტივალს სახელწოდებით „თბი-ლისი“, რომლის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ფესტივალი 28 აპრილს დაიწყება და მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ლისის ტბაზე ყოველი თვის ბოლო შაბათს ჩატარდება.

ბათუმის ნახევარმარათონი Sputnik-საქართველოს ფოტორეპორტიორის ობიექტივში

„თბილისის მერიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. არ არის აუცილებელი, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველა ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში დაეხმარება“, — განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ლისის ტბაზე დასვენებისთვის, გართობისა და სპორტული აქტივობებისთვის შესაბამისი გარემო მოეწყობა, გაიმართება სპორტული აქტივობები, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები. 

რამდენად აქცევენ ყურადღებას თბილისელები საკუთარ ჯანმრთელობას >>

ამასთან, კახა კალაძემ თავის მოადგილეს, სოფიო ხუნწარიას დავალება მისცა, მაისის შუა რიცხვებიდან თბილისში სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიებები მოეწყოს.

„ჩვენი ქალაქი უნდა გამოვაცოცხლოთ“, — განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ უქმეებზე ქალაქის ყველა მაცხოვრებელს თავისი შვილებისთვის დასვენების ორგანიზების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.