რამდენი საათით მცირდება თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო?

პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 210 მლნ ლარამდეა
Sputnik

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ქობულეთის შემოვლითი გზა ექსპლუატაციაში ტურისტული სეზონის დაწყებამდე შევა და თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს 20-30 წუთით შეამცირებს, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპერტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარაში ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება

ქობულეთის შემოვლით გზაზე პირველი მონაკვეთის მშენებლობა უკვე დასრულებულია. ზაფხულში კი მეორე მონაკვეთიც გაიხსნება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტზე 18 კმ-იანი მონაკვეთი აშენდა. აღნიშნულ მონაკვეთზე 15 ხიდია, რომლის ასაშენებლად ბურჯებზე მოძრავი სისტემის ყალიბი გამოიყენეს. ასევე, სოფელ საჩინოსთან ახალი ტექნოლოგიით აშენდა საქართველოში ყველაზე გრძელი სახიდე გადასასვლელი, რომლის სიგრძე 1 180 მეტრია.

სამშენებლო სამუშაოზე 400-მდე ადამიანია დასაქმებული.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 210 მლნ ლარამდეა.

საქართველოში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მოდერნიზაცია გრძელდება>>>

დეპარტამენტის ინფორმაციით, მალე დაიწყება ბათუმის შემოვლითი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაც. პროექტის ფარგლებში აშენდება ორზოლიანი ასფალტის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.

დეპარტამენტის განცხადებით, პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში.