თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ რუსთავში კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის,,რუსთავსერვის ცენტრის’’ ტყის მასივის მოვლა — პატრონობის სპეციალური და მოვლითი ჭრების დაგეგმვა — განხორციელების განყოფილების უფროსმა, რუსთავის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, კაკლის ხეების უკანონო მოჭრის სანაცვლოდ, მოქალაქეს 1 200 ლარი გამოართვა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 221-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.