თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოში გზების მშენებლობას 200 მილიონი ევროთი დააფინანსებს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
„საქართველო ევროპის საინვესტიციო ბანკის რიგით მეორე დიდი მიმღებია აღმოსავლეთ სამეზობლოში. ჩვენ მაგალითად, წელს დაახლოებით 200 მილიონი ევროთი ვაფინანსებთ გზებისა და ესტაკადების მშენებლობებს, განსაკუთრებით ძირითადი განგრძობადი დერეფნებისას, იმიტომ რომ საქართველო მნიშვნელოვანი ტრანზიტული ქვეყანაა როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთ, ისე ჩრდილო-სამხრეთ მიმართულებებით, ამიტომ გვსურს ამ მიმართულების მხარდაჭერა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზეც ისაუბრეს.
„ჩვენ გვაქვს ევროკავშირში გამოცდილება ადგილობრივი ბანკებისთვის გარანტიების შექმნისა, იმისათვის, რომ მეტი მხარდაჭერა გაუწიონ ასეთ მიმართულებებს“, – განმარტა ვაზილ ჰუდაკმა.
თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონული ჯგუფის შეხვედრა გაიმართება >>
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წლიური საგაზაფხულო შეხვედრის ფარგლებში შეხვდა.
მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი აშშ-ში 18 აპრილს დაიწყო.