ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოში მშრომელთა უფლებებით უკმაყოფილოა

ევროკავშირი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთა ერთად თვალს მიადევნებს მოვლენების განვითარებას, აცხადებს ევროკომისარი
Sputnik

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარმა ტრაგედიამ აჩვენა, რომ მშრომელთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ზომები საკმარისი არ არის.

5 აპრილს, მინდელის სახელობის შახტში,  დაახლოებით 03:45 საათზე, სავარაუდოდ, მოხდა ე. წ. სამთო დარტყმა (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება). შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, კიდევ სამმა კი სხეულის დაზიანებები მიიღო.  

რას მოითხოვენ ტყიბულელი მეშახტეები „საქნახშირისგან“

 „წლების განმავლობაში შრომის უსაფრთხოების სფეროში აუცილებელი რეფორმები არ ტარდებოდა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში კი უკვე გავატარეთ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, მაგრამ აუცილებელია შემდეგო ტალღა, რათა ჩვენ არამარტო რეაგირება მოვახდინოთ ასეთ ფაქტებზე, არამედ შევძლოთ მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელი ღონისძიებების გატარება“, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში. 

უფლებადამცველები სთხოვენ ევროკავშირს საქართველოში დასაქმებულები დაიცვას >>>

მარტის დასაწყისში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონის „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების წესების გამკაცრებას და კონტროლის სპეციალური მექანიზმის შემოღებას ითვალისწინებს. ამასთან, ის ითვალისწინებს უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის შემთხვევაში შესაბამის ჯარიმებს.

საქართველოს გაერთოანებული პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წლის სამ თვეში სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი, მძიმე დაზიანებები  კი მიიღო 12–მა. 2017 წელს დაიღუპა 41, დაზიანებები მიიღო 66–მა ადამიანმა. ამასთან, მარტო ტყიბულის შახტებში ბოლო 15 თვის განმავლობაში დაიღუპა 11 ადამიანი.

ევროკავშირი და არასამთავრობოები შეშფოთებული არიან

ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანმა საქართველოს იმ ექვსი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ წერილს გასცა პასუხი, რომლებიც ქვეყანაში დასაქმებულთა უფლებებით უკმაყოფილო არიან. მათი აზრით, ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები საკმარისი არ არის.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებენ საქართველოში არსებული სუსტი შრომის პოლიტიკის შესახებ, რომლის შედეგადაც დასაქმებულები ღირსების შემლახავ სამუშაო პირობებში არამდგრად, დაბალანაზღაურებად და დაუცველ შრომას ეწევიან. მათი განცხადებით, 2011–2016 წლებში სამუშაო ადგილებზე 1046 ადამიანი დაიღუპა და დაშავდა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კონტროლის გამკაცრება ვრცელდება არა ყველა სამუშაო ადგილზე, არამედ მხოლოდ „მომეტებული საფრთხის“, განსაკუთრებით მძიმე პირობების მქონე სამუშაო ადგილებზე.  

შრომის უსაფრთხოება: ჯანდაცვის სამინისტროში სამმხრივი შეხვედრა გაიმართა >>>

უფლებადამცველები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ კანონპროექტი სამუშაო ადგილზე შრომის ინსპექტორების უპირობო დაშვებას ზღუდავს. მათ გეგმიური კონტროლის განხორციელების უფლება აქვთ, ხოლო მოულოდნელი კონტროლის განხორციელებისთვის მათ  სასამართლოს უნდა მიმართონ, რაც დამატებით დროით რესურსს მოითხოვს და დაუყოვნებელი და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობას ამცირებს.

იქვე აღნიშნულია, რომ სანქციების სახით ჯარიმის მინიმალურ ოდენობები დასახული მიზნის მიღწევას შეუძლებელს გახდის. დარღვევის გამოსწორების ნაცვლად დამსაქმებლებს მცირე ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ, მიაჩნიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს. 

რომელი ნორმები ირღვევა ყველაზე ხშირად შრომის უსაფრთხოების მხრივ

თავის მხრივ, ევროკომისარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი სრულად ინფორმირებულია საქართველოში შრომის უფლებების კუთხით  არსებულ სიტუაციაზე. მისი სიტყვებით, შრომითი უფლებებისა და სტანდარტების აღსრულების ეფექტიანი სისტემის არარსებობამ,  შესაძლოა,  გამოიწვიოს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით (მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე) აღებული ვალდებულებების დარღვევა.

„საქართველოში არსებული ამჟამინდელი პრაქტიკა, ისევე, როგორც „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი, სრულად არ შეესაბამება საქართველოს იმ ვალდებულებებს, რომელიც გულისხმობს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის სტანდარტებთან სამუშაო ადგილას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების და შრომის დაცვის სფეროში. ეს  უზრუნველყოფს ეფექტიანი, პროპორციული და გამჭვირვალე სანქციების მოქმედებას, რომლებსაც დამსაქმებლებთან მიმართებით გააჩნია ნამდვილი და შემაკავებელი ეფექტი“, – ნათქვამია იოჰანეს ჰანის წერილში.

„ევროკავშირი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთა ერთად თვალს მიადევნებს მოვლენების განვითარებას“, – წერს ევროკომისარი.