თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. შსს–მ ევროპოლთან დაწყებული ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად 19 აპრილს, თბილისსა და კახეთში ჩატარებული სპეცოპერაციისას კრიმინალური სამყაროს სამი წევრი დააკავა, განაცხადა შსს–ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე.
ჭელიძის განცხადებით, დაკავებულებს აქტიური კავშირი ჰქონდათ ევროპაში მყოფ „კანონიერ ქურდებთან“ – მალხაზ ზედელაშვილთან, კახა შავლიაშვილთან, აბესალომ პაპიაშვილთან და გიორგი ხატიშვილთან, მათგან დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წარსულში ნასამართლევი სამი პირი. თბილისში დააკავეს 1989 წელს დაბადებული დიმიტრი ჭრელაშვილი და 1993 წელს დაბადებული კახა ბეჟიტაშვილი, სიღნაღში – 1973 წ დაბადებული გივი ბეგიაშვილი.
მამუკა ჭელიძის განცხადებით, ბრალდებულები აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“ და მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯგუფის სამივე წევრმა ერთ–ერთ მოქალაქეს ქურდული გარჩევა მოუწყო და მას, ოჯახის წევრებისა და ქონების განადგურების მუქარით, 60 ათასი ლარის გადახდა მოსთხოვა.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ–ის 223 პრიმა მუხლით – „ქურდული სამყაროს“ წევრობა. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საქართველოს პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა შსს–ს მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ე. წ. ქურდული სამყაროს წინააღმდეგ.
საკანონმდებლო ცვლილებებით, ფართოვდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრე. ამიერიდან, ე. წ. ქურდული სამყაროს წევრობის გარდა, დანაშაული იქნება ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა, ქურდული შეკრების ორგანიზება, ქურდული სამყაროს წევრისთვის – „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა.
საქართველომ 2017 წლის აპრილში ევროპოლთან გააფორმა დოკუმენტი „საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ“, რომელიც ევროპის პოლიციურ სტრუქტურებთან თანამშრომლობას პრაქტიკულად ონლაინ-რეჟიმში ითვალისწინებს. ასეე, ამა წლის მარტში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და ევროპოლის აღმასრულებელმა დირექტორმა რობ უეინრაითმა ხელი მოაწერეს „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე“ ურთიერთგაგების მემორანდუმს და „საქართველოსა და ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს შორის მეკავშირეობის შესახებ“ შეთანხმებას.
საქართველოსა და ევროპოლს შორის აქტიური თანამშრომლობა კვლავ გრძელდება.