გახარია: საჭიროა ჩამოყალიბდეს მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა

შს მინისტრმა განაცხადა, რომ მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა მიმართ შეწყალების ფართო გამოყენება მიუღებელია
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. განმეორებითი დანაშაულის რიცხვი, რომელიც ბოლო წლებში შეწყალებით გათავისუფლებულ პირთა მიერ არის ჩადენილი, შეშფოთებას იწვევს, განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

შეწყალების თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ყოფილი გერის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე 2015 წლიდან დედამისის მიმართ ძალადობისთვის იხდიდა სასჯელს, თუმცა 2017 წლის მაისში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა.

ბარნოვზე მომხდარ მკვლელობაზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ვიდეოკადრები

მარტის ბოლოს გაიხსნა ნარკოვაჭრობის სქემა, რა დროსაც თურქეთიდან რეანომობილით 900 აბი ბუპრენორფინი შემოიტანეს. საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი აღმოჩნდა ირაკლი ქორიძე, მარგველაშვილის მეუღლის ნათესავი, რომელიც ასევე 2014 წელს შეიწყალეს.

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ შეწყალების ინსტიტუტი არის პანაცია და მისი გამოსწორებით ყველაფერი დალაგდება, არა, მართლმსაჯულების ერთიან სისტემაზე ვსაუბრობთ. ბოლო წლების განმავლობაში შეწყალებით გათავისუფლებული მსჯავრდებულების რეციდივებს თუ გადავხედავთ, იქაც საკმაოდ საგანგაშო ციფრებია. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის სისტემური მიდგომა და ჩვენ უნდა ვისაუბროთ მართლმსაჯულების ერთიან ეფექტურ სისტემაზე”, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, შეწყალების პროცესი მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის კონტექსტში უნდა განიხილებოდეს.

„რაც შეეხება შსს-ს პასუხისმგებლობას, ჩვენ არასოდეს და არც ერთი სიტყვით არ მოგვიხდენია ამ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის პერსონალიზირება… კიდევ ერთხელ გავიმეორებ: არსებობს მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის პრობლემები და ერთ-ერთი კომპონენტი არის შეწყალების ინსტიტუტი, რომელსაც აქ გარკვეული ფუნქცია ჰქონდა და ამაზე მივანიშნეთ“, — აღნიშნა გახარიამ.

პრეზიდენტი ძალადობრივ დანაშაულზე მსჯავრდებულების შეწყალებას დროებით წყვეტს >>

25 წლის ქალის მკვლელობის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დანაშაულამდე რამდენიმე საათით ადრე ის და დედამისი, ნათია გობაძე პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ, სადაც ბაქრაძის სახელზე შემაკავებელი ორდერი გამოიწერა. მოკლულის ახლობლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ პოლიცია მხოლოდ შემაკავებელი ორდერით არ უნდა შემოფარგლულიყო, რადგან ამან ბრალდებულს ჩანაფიქრის ასრულებაში ხელი ვერ შეუშალა.

ოჯახურ ძალადობაში ეჭვმიტანილებზე შემაკავებელი ორდერი გამოიწერება

„ვერასოდეს ვერ ვიქნებით მძიმე დანაშაულებებზე შეწყალების ასე ფართო გამოყენების მომხრე. ეს პოზიცია ჩვენ გვიჭირავს და ყველგან დავაფიქსირებთ… რაც შეეხება შემაკავებელ ორდერს, შემაკავებელი ორდერი დღეის მდგომარეობით არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი შსს-ს ხელში, რათა ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახური ძალადობის პრევენცია მოვახდინოთ. ეს კარგად უნდა გვესმოდეს“, — განაცხადა გახარიამ.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს გახარიამ მოიყვანა ბოლო მონაცემები, რომელიც შემაკავებელი ორდერების გამოწერას და ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულების დაკავებას ეხება.

„სამი თვის განმავლობაში 1400-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული და ოჯახური ძალადობის კონტექტსში სამი თვის განმავლობაში 800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს… რაც შეეხე ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულისთვის თავის დროზე შემაკავებელი ორდენის გაცემას, ინფორმაცია, რაც პოლიციელებმა იმ კონკრეტულ მომენტში მიიღეს, იძლეოდა მხოლოდ შემაკავებელი ორდენის გამოცემის საშუალებას და ეს არის ფაქტი“, — დასასრულს აღნიშნა გახარიამ.

რაც შეეხება პრეზიდენტ მარგველაშვილის პოზიციას, მან ორშაბათს განაცხადა, რომ ბაქრაძის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას შეწყალების კომისიამ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან მიღებული დოკუმენტებით იხელმძღვანელა, რომელშიც მსჯავრდებული დადებითად იყო დახასიათებული.

ამასთან, ბაქრაძე ე.წ. უდო-ს კომისიას გათავისუფლების თხოვნით ექვსჯერ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

„ევროპული საქართველო“ შემაკავებელი ორდერის ნაცვლად მოძალადის დაკავებას მოითხოვს

პრეზიდენტმა გაუგებარი უწოდა იმ ფაქტს, რომ შეწყალების კომისიამ მიიღო პრობაციის სამინისტროდან ბაქრაძის დადებითი დახასიათება, ხოლო უდო-ს კომისიამ მას გათავისუფლებაში უარი უთხრა. 

იმ რეზონანსის გამო, რომელიც აღნიშნულმა საქმემ გამოიწვია, პრეზიდენტმა ძალადობის მუხლით მსჯავრდებულთა შეწყალების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ხუთშაბათს პრეზიდენტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ კახა კახიშვილთან შეხვედრას გეგმავს, რათა მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხები განიხილოს.

სამშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლომ ვეფხია ბაქრაძესა და მის ბიძაშვილ თეიმურაზ ბაქრაძეს პატიმრობა შეუფარდა. სწორედ მან შეიფარა ვეფხია ბაქრაძე საკუთარ სახლში სოფელ თელეთში, იცოდა, რომ მისმა ბიძაშვილმა მკვლელობა ჩაიდინა და ამის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.

ბრალდებული ვეფხია ბაქრაძეს ბრალი წარედგინა სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ  განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბაქრაძეს 16-იდან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 

თეიმურაზ ბაქრაძეს ბრალი წარედგინა სსკ-ის 376-ე მუხლით (დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, 6 თვიდან 2 წლამდე ვადით შინაპატიმრობას ანდა 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.