თბილისის რომელ რაიონშია ყველაზე ძვირი უძრავი ქონება

თბილისში ფასები უძრავ ქონებაზე, რაიონისგან დამოუკიდებლად, მცირდება
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. თბილისში ბინის ყიდვა ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონშია, ხოლო ყველაზე იაფი – გლდანში, იუწყება ტელეკომპანია Imedi უძრავი ქონების ბაზრის ლაბორატორიის (REM lab) კვლევაზე დაყრდნობით.

უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი 2017 წელს შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა, ხოლო მესამე კვარტალში ინდექსმა თავის ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, აღნიშნულია კვლევაში.

თბილისში უძრავი ქონების გამოფენა–გაყიდვა იმართება

ყველაზე ძვირი უძრავი ქონება 2017 წელს იყო მთაწმინდის რაიონში. აქ ერთი კვადრატული მეტრი ფართის ფასი იყო გაყიდვის შემთხვევაში 1 012 აშშ დოლარი, ხოლო იჯარის – 8,5 დოლარი. ყველაზე დაბალი ფასები დაფიქსირდა გლდანში. შესაბამისად ფასები ასეთია – გაყიდვა – 535 დოლარი, ხოლო იჯარა – 4,3.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ფასის შემცირება შეინიშნება ბინის დაქირავების ინდექსშიც. გასული წლის განმავლობაში ერთი კვადრატული მეტრი ფართობის გაყიდვის საშუალო ფასი 791–866 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო ქირის – 7–7,4 დოლარის.

საცხოვრებელი ფართის გაყიდვის საშუალო ღირებულება თბილისის ყველა რაიონში შემცირდა მაშინ, როცა იჯარის საშუალო ფასი თითქმის არ შეცვლილა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ 2017 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყო ფასების ინდექსის ვარდნა კომერციულ უძრავ ქონებაზე. შედეგად, მეოთხე კვარტალში ინდექსი ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდა. გაყიდვის ფასმა 1 032 დოლარი შეადგინა.

თბილისში მშენებლობის წესები გამკაცრდა: მოსალოდნელია ფასების ზრდა

რაც შეეხება კომერციული ფართის იჯარას, ბოლო წლებში მას ზრდის ტენდენცია ჰქონდა, ხოლო 2017 წელს ინდექსი მნიშვნელოვნად შემცირდა.

უძრავი ქონების ბაზარი 2017 წელს გააქტიურდა ბათუმსა და ქუთაისში. თუმცა, აქტიურობის ფონზე,   ბათუმში უძრავი ქონების ღირებულება 1,7%–ით, ხოლო ქუთაისში – 3,9%–ით შემცირდა.

მიუხედავად ამისა, ბათუმში უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი კვლავ თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე ქუთაისში. შესაბამისად, ბათუმში ერთი კვადრატული მეტრი ფართობის ფასია 739 დოლარი, ხოლო ქუთაისში – 354 დოლარი.