„ქალთა მოძრაობა“ სახელმწიფოსგან ფემიციდის აკრძალვას მოითხოვს

პეტიციის ხელმომწერები საქართველოს პარლამენტს, პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პრეზიდენტს მიმართავენ
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოში ქალთა მკვლელობების გახშირებული ფაქტების გამო, კანონმდებლობაში ფემიციდის მუხლის დამატების მოთხოვნით „ქალთა მოძრაობამ“  პეტიცია შექმნა. 

პრეზიდენტი ძალადობრივ დანაშაულზე მსჯავრდებულების შეწყალებას დროებით წყვეტს

ფემიციდი (femicide) ქალებზე ძალადობის უკიდურესი გამოვლინებაა. ეს ტერმინი ქალებისა და გოგონების მკვლელობას აღნიშნავს. ყველაზე გავრცელებული განმარტების მიხედვით, ფემიციდი არის მამაკაცების მიერ ქალების მკვლელობა იმის გამო, რომ ისინი ქალები არიან. ფემიციდის შემთხვევების დიდი ნაწილი ქალების ყოფილი ან ამჟამინდელი პარტნიორების მიერ არის ჩადენილი და ხანგრძლივი ძალადობისა და ზეწოლის შედეგია.

ფემიციდი  საქართველოში ცალკე მდგომ დანაშაულად არ არის აღიარებული. 

პეტიციაში აღნიშნულია, რომ ოჯახური დანაშაულების უმეტესობა ქალების წინააღმდეგ არის ჩადენილი და ამით ვლინდება დანაშაულის გენდერული ხასიათი. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოში ქალები მრავალმხრივ ჩაგვრას და დისკრიმინაციას განიცდიან, მათი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არ არის დაცული. 

აღნიშნული  პრობლემების მოსაგვარებლად  პეტიციის ხელმომწერები შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მიმართავენ: 

„არა“ ქალთა მიმართ ძალადობას!: პრეზიდენტმა პოლიციელები დააჯილდოვა

საქართველოს პარლამენტს — მიიღოს სპეციალური მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის აკრალვის შესახებ, ან გამოყოს გენდერულად მოტივირებული მკვლელობა დამამძიმებელ გაერმოებად და განსაზღვროს ამ დანაშაულისთვის 13-20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა; ხოლო სხვა დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევებში უვადო პატიმრობა.

პროკურატურას –სპეციალური მუხლის ამოქმედებამდე ჩადენილი ფემიციდის შემთხვევებში პროკურატურამ გამოკვეთოს გენდერული დისკრიმინაციის მოტივი, რათა მოსამართლემ შეძლოს სანქციის დამძიმება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს – დროულად შეიმუშაოს და ეფექტურად აღასრულოს რისკების შეფასება, რათა ყველა საშუალებით მოხდეს  ფემიციდის თავიდან აცილება.

საქართველოს პრეზიდენტს – არ გამოიყენოს შეწყალების უფლებამოსილება ფემიციდსა და სხვა გენდერული სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეწყალების კომისია დროებით წყვეტს ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებით მსჯავრდებულების  შეწყალების აქტების გამოცემას და შეწყალების კომისია არ გამოიყენებს საკუთარ უფლებამოსილებას აღნიშნულ საქმეებზე.