პროკურატურამ პატიმრების წამებისთვის რუსთავის №6 საპატიმროს ყოფილი უფროსი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ციხის თანამშრომლები მსჯავრდებულებზე სისტემატურ ზეწოლას ახორციელებდნენ
Sputnik

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რუსთავის №6 დაწესებულების ჩინოვნიკები დააკავა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულია №6 დაწესებულების ყოფილი დირექტორი, დირექტორის ყოფილი მოადგილე და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი.

დაკავების საფუძველი  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომელიც 2006 წელში მსჯავრდებულებისადმი არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ეხება. ევროპულმა სასამართლომ 2015 წელს  საქმეზე „გეგენავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა მესამე მუხლის დარღვევა, რომელიც ითვალისწინებს წამების აკრძალვას.  

პატიმრების წამება ზუგდიდში: ბრალდებული არიან საპატიმროს ყოფილი თანამშრომლები

გამოძიებით დადგინდა, რომ  2006 წლის აგვისტო-სექტემბერში დაწესებულების იმდროინდელი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეიმუშავეს მსჯავრდებულებთან მოპყრობის საკუთარი წესები მათი დასჯის, დაშინების და უსიტყვო მორჩილების მიზნით.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაწესებულების დირექტორი, მისი მოადგილე და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი მსჯავრდებულებს ართმევდნენ კანონით მინიჭებული პირადი ჰიგიენის ნივთებს, საწოლისთვის განკუთვნილ თეთრეულს, იძულებით აშიშვლებდნენ და შიშველ მდგომარეობაში ამწყვდევდნენ კარცერში.

„აღნიშნული სახის  არაადამიანურ მოპყრობას რუსთავის №6–ე დაწესებულებაში ჰქონდა სისტემური ხასიათი და გამოიყენებოდა განურჩევლად, პატიმრების დასჯისა და დაშინების მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში. 

ციხის ყოფილი უფროსი და იზოლატორის ინსპექტორი ციხეშია

 აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 2017 წლის 20 ნოემბერს   პასუხისგებაში მიეცა №6–ე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების სამი ყოფილი თანამშრომელი, რომლებმაც საკუთარი დანაშაული უკვე აღიარეს.

რაც შეეხება რუსთავის N6 დაწესებულების ყოფილ დირექტორსა და კიდევ ორ ბრალდებულს, მათ წინააღმდეგ საქმე სსკ–ის  1443-ე  მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით  („მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ დამცირება, არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს მათ“) აღიძრა, რაც 5–დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

როგორც უწყებაში აცხადებენ, დღეის მდგომარეობით, საქართველოს პროკურატურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იძიებს 27 სისხლის სამართლის საქმეს, რომლებიც 2012 წლამდე პერიოდშია ჩადენილი. 2017-2018 წლებში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 13 პირის მიმართ ხუთ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე.