დედაენის დღესთან დაკავშირებით თბილისის მერია ღონისძიებებს გეგმავს

ღონისძიებებს დავით ევგენიძის საავტორო კონცერტი „ანიდან ჰოემდე“ დაასრულებს
Sputnik

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. ხვალ, 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერია დედაენის ბაღში სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებას გეგმავს.

ღონისძიებების მომზადების სამუშაოებს დღეს თბილისის მერის მოადგილე, სოფიო ხუნწარია ადგილზე გაეცნო.

ღონისძიებები დედაენის ბაღში ხვალ 12 საათიდან დაიწყება და 21 საათამდე გასტანს. 

„მოეწყობა წიგნების გამოფენა-გაყიდვა, პარალელურ რეჟიმში გაიმართება წიგნების პრეზენტაციები… ასევე, ხვალ ნებისმიერ მსურველს შეეძლება, საკუთარი ხელით დაამზადოს ქართული ასოები, მოხატოს 1920 წელს გამოცემული დედაენა, რამდენიმე გვერდი დაბეჭდოს და სამახსოვროდ წაიღოს“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

ქართული ანბანი სტრასბურგში „მიემგზავრება"

დედაენის ძეგლთან ასევე გაიმართება თბილისის შანიძის სახელობის ხელოვნების სკოლის სიმებიან საკრავთა ორკესტრის კონცერტი და გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის პერფორმანსი.

როგორც დედაქალაქის მერიაში აღნიშნავენ, დედაენის ბაღში განთავსდება იაკობ გოგებაშვილის პირადი არქივიდან „დედა ენის“ სტამბური კლიშეები და ამ სახელმძღვანელოსთვის შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების ორიგინალი სამუშაო ვერსიები, ასევე, „დედა ენის“ შესახებ რეცენზიები და სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელის მიერ შექმნილი „დედაენა“.

ღონისძიებებს 19:00 საათზე დავით ევგენიძის საავტორო კონცერტი „ანიდან ჰოემდე“ დაასრულებს. 

სამსახეობა ქართული ანბანისა, ანუ ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა

საქართველოში 14 აპრილს დედაენის დღე 1990 წლიდან აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში კულტურულ-გასართობი ღონისძიებები ტარდება.

ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენაა, რომელზეც მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს.

ქართული ენა უძველესი ენაა. მას უწყვეტი წერითი და ლიტერატურული ტრადიცია გააჩნია, რომელიც ქრისტიანობის მიღების შემდეგ ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში გაჩნდა.

2016 წლის 30 ნოემბერს ქართული დამწერლობის სამივე სახეობა იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.