ვანისა და ხონის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, მაისის შუა რიცხვებში თბილისში პარტიის ყრილობა იგეგმება, სადაც დიდ პარტიულ რეფორმებსა და ახალ კონფიგურაციას ელოდებიან. ჩვენი ინფორმაციით, ამავე ყრილობაზე დასახელდება ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც ყველასათვის მისაღები ფიგურა იქნება და პირველივე ტურში არ გაუჭირდება არჩევნების მოგება. მმართველ გუნდს ახლა იმისი ფუფუნება არა აქვს, კანდიდატი რომელიმე მოდავე მხარიდან შეარჩიოს, რადგან ძალიან კარგად და რეალისტურად ესმით, რას ნიშნავს დომინოს პრინციპი, როცა ერთი ქვის ჩამოშლით იწყება ნგრევა.
დაწყებულია თუ არა ქართული ოცნების, როგორც პარტიის დაშლა? ამ კითხვაზე ყველა ექსპერტი თავის ვარაუდს გამოთქვამს. არიან ისეთებიც, ვინც საგნის რეალურ არსს წვდება. სინამდვილეში „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“ ან მოქალაქეთა კავშირი არასოდეს ყოფილან პარტიები რაიმე იდეოლოგიით…
„ქართულ ოცნებაში“ გაერთიანებულ ადამიანებს, თუ ღირებულებით პრინციპებზე ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი და ძალაუფლებისაკენ სწრაფვა აერთიანებთ.
მართალია, გია ვოლსკი კატეგორიულად ამტკიცებს, ეს არაა გავლენებისათვის ბრძოლაო, მაგრამ ფიცი გვწამს და ბოლო — გვაკვირვებს. დიდი ხანია, ქართულ საზოგადოებას პარლამენტიდან აღარ მოუსმენია დებატები იმის შესახებ, თუ როგორი ეკონომიკური განვითარება ან სოციალური დაცვის სისტემა სჯობს. სამაგიეროდ, გაღატაკებული ქვეყნის პარლამენტარები დროს და ენერგიას არ იშურებენ ერთმანეთის სალანძღავად. რა ხდება სინამდვილეში, ვის მხარესაა მამათა და შვილთა ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილი და რას გადაწყვეტს რეალური მმართველი?
თავის დროზე, როცა მან თქვა, რომ პოლიტიკიდან მიდიოდა, ისეთ წვრილმან საკითხებში, ვის შემოიყვანდნენ პარლამენტსა და პარტიაში კვირიკაშვილი და კალაძე, ნამდვილად არ ჩარეულა. შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ის ენძელა მაჭავარიანის ბედით უფრო დაინტერესდებოდა, ვიდრე სხვა ფიგურებით. მაშინ თბილისის ამჟამინდელმა მერმა სერიოზული საფეხბურთო ტრიუკი ჩაატარა და ყველა დაარწმუნა, რომ ირაკლი კობახიძე ბერას მეგობარი და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის რჩეული იყო. რადგან ოცნებაში ინფორმაციის გადამოწმება ჭირს, ეს ლეგენდა ლამისაა, ნახევარმა საქართველომ გადაყლაპა. ახლა კი ირკვევა, რომ ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, ვანო ზარდიაშვილი, არჩილ თალაკვაძე და ა. შ. არა მხოლოდ მეგობარ-ნათესავ-მოყვრები და თანამებრძოლები არიან, არამედ რეალურად სურთ ძალაუფლების ხელში აღება და ისეთი ძველი ელემენტები, როგორიცაა ეკა ბესელია და გედი ფოფხაძე, მათ ხელს უშლიან. სამაგიეროდ, ის ხალხი, ვინც 2012 წელს ოცნება დააფუძნა, ხედავს, რომ ადამიანები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობიდან გადავიდნენ ოცნებაში, რეალურად იღებენ ხელში ძალაუფლებას. ივანიშვილის მცირერიცხოვან მეგობრებს კი ნეიტრალური პოზიცია უჭირავთ. თუმცა, სავარაუდოდ, სწორედ ისინი გახდებიან ამ ჯგუფის შემდეგი სამიზნე.
რეალობას საოცრად სწრაფად აანალიზებს ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რომელიც თუ წინა მოწვევის პარლამენტში პირდაპირ კომუნიკაციაში იყო პრემიერებთან, ახლა ხშირად ხედავენ თალაკვაძე-მდინარაძის გარემოცვაში. მას არ სურს, ბესელიასთან ერთად წარსულში დარჩეს…
რა ხდება ამ დროს პარტიაში? აქაც კახი კალაძის კადრები ქმნიან ამინდს და ატარებენ რაიონებში პარტიულ კონფერენციებს. როგორც ამბობენ, სიტუაციას მისი მითითებებით დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე „ალაგებს“. მას გვერდით ყოველთვის კალაძის დიდი ხნის მეგობარი გია ბენაშვილი უზის. ანუ პარტიაშიც კალაძის ფრთა ძლიერდება.
აქვს თუ არა შანსი „ქართული ოცნების“ ძველ შემადგენლობას? მხოლოდ ამ მოწვევის პარლამენტის ფარგლებში. მათ შეუძლიათ, უმრავლესობას გამოეყონ, ფრაქცია შექმნან და საკუთარი ინტერესების დაცვაზე იზრუნონ, მაგრამ მათ მომავალს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მე კი არა, ლელა კაკულიაც ვერ ხედავს…
როგორც ჩანს, მეამბოხეებს არც სუსთან აქვთ საქმე კარგად, რადგან სწორედ ამ ძლევამოსილ ორგანიზაციაში დაიბარეს დეპუტატი შოთა შალელაშვილი სკანდალური განცხადებების შემდეგ. მაგრამ ის პოლიტიკოსი კი არა, მილიონერია და დიდად არ ადარდებს, როგორი იქნება მისი მომავალი პოლიტიკური კარიერა. აი, გედი ფოფხაძის, ნუკრი ქანთარიას, დავით ჭიჭინაძისა და ეკა ბესელიასათვის კი ეს ნამდვილად გედის სიმღერაა. ხმები კობახიძის იმპიჩმენტის შესახებ ნამდვილად გადაჭარბებულია, რადგან პარლამენტში, სადაც, ქართული ოცნების ერთ-ერთი ყოფილი დეპუტატის, ნინო გოგუაძის განცხადებით, 65 დეპუტატს სუსი აკონტროლებს, სიურპრიზები მოსალოდნელი არ არის.
ვის მხარეზეა ამ ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილი? საკუთარი თავის მხარეს. როგორც ჩანს, ის ყოფილი თანამოაზრეების დაცვას არ აპირებს. მაქსიმუმ, სამსახური შესთავაზოს „ქართუში“. სავარაუდოდ, ის არც უმრავლესობასთან შეხვედრას და არც პარტიის ყრილობაზე მისვლას არ აპირებს.
რა შედეგები მოჰყვება მამათა და შვილთა ბრძოლას ოცნებაში? პარტიის გაყოფა მოსალოდნელი არაა. უფრო სავარაუდოა, რომ მას მაქსიმუმ 10 დეპუტატი გამოაკლდეს და ამით დასრულდება ამბავი საპრეზიდენტო არჩევნებამდე. აი, 2019-2020 წელი კი ნამდვილად საინტერესო იქნება სეირის მოყვარულთათვის. ყველაზე რადიკალურ შემთხვევაში ოცნება ოპოზიციის ოცნებებს აასრულებს და მისი ორი ფრთა ერთმანეთს დაასუსტებს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით რეალური ძალა, რომელიც ხელისუფლებას აიღებს ხელში 2020 წელს — არ ჩანს.
მთავარ საპარლამენტო არჩევნებამდე 2 წელია დარჩენილი და თანამედროვე მედია-ტექნოლოგიებით 1 წელიც საკმარისია, რომ შექმნა პარტია და ახალი სახეები. მთავარია, იყოს პოლიტიკური ნება და ფული. ასევე საგარეო მხარდაჭერა. დღეს მსოფლიო უფრო სერიოზული ამოცანების წინაშე დგას, ვიდრე „ქართულ ოცნებაში“ ძალთა გადანაწილებაა, ეს ახალგაზრდა ბიჭები კი სიბნელეში არასასურველი პირების მიჯირყვნის დიდოსტატები არიან. სავარაუდოდ, წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი გველის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!