ქუმსიშვილი ჩინეთში „აბრეშუმის გზას“ განიხილავს

საქართველომ ინიციატივის „ერთი გზა – ერთი სარტყელი“ ფარგლებში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია
Sputnik

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ხუთშაბათს მონაწილეობა მიიღო კონფერენციის „მაკროეკონომიკური და ფინანსური პლატფორმები სარტყლისა და გზის ინიციატივის წარმატებული იმპლემენტაციისთვის“ გახსნაში, რომელზეც განიხილა „აბრეშუმის გზის“ პროექტის განვითარების პერსპექივები, აღნიშნულია უწყების ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კონფერენციის ორგანიზატორი არიან საერთაშორისო სავალუტო ფონდი და ჩინეთის სახალხო ბანკი. ქუმსიშვილი ჩინეთს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ხუთშაბათს ეწვია.

ჩინური კომპანია ანაკლიის პორტში 50 მლნ დოლარის ინვესტიციას ჩადებს

„ერთი გზა, ერთი სარტყელი“ ინიციატივის იმპლემენტაციას მნიშვნელოვანი ინვესტიციები და კანონმდებლობის ჰარმონიზაცია სჭირდება. საქართველო იყო იმ პირველ ქვეყნებს შორის, რომელიც შეუერთდა აღნიშნულ ინვესტიციას და ჩვენ რეალური შედეგები მივიღეთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

2017 წლის მაისში საქართველომ პეკინში ხელი მოაწერა შეთანხმებას ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ის 2018 წლის 1 იანვარს ამოქმედდა. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თანახმად, ჩინეთის ბაზარზე გადასახადების გარეშე შევა მთელი ქართული პროდუქცია, გარდა მარცვლეულის, ბრინჯის, ფქვილის, მათ შორის — კარტოფილის, ასევე შალეულის, თამბაქოს ნაწარმის, ხის ცალკეული სახეობებისა და ნაკეთობების, ქაღალდის, შპალერის, კონვერტების, მუყაოსა და სხვა ქაღალდის ნაკეთობებისა, წიგნებისა და ნოტების გამოკლებით.

ვიცე–პრემიერი იმედოვნებს, რომ შეთანხმება წაადგება საქართველოს და ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.

„მინდა აღვნიშნო, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ჩვენ ჩინეთთან გაგვაჩნია, რა თქმა უნდა, დაიწყო სწორედ იმ პირველი ბიძგიდან, რომელსაც „ერთი გზა, ერთი სარტყელის ინიციატივის“ მიერთება ერქვა. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მოუტანოს სარგებელი. კერძოდ კი, შეიქმნას დამატებითი ღირებულების სერვისები და პროდუქტები. ისეთები, როგორიც არის ლოჯისტიკური ცენტრები, სადაც ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და შესაბამისად, ახალი დამატებითი ღირებულება შეიქმნება ჩვენს ქვეყანაში“, – დასძინა მან.

ტვირთების მოზიდვა: საქართველო „აბრეშუმის გზის“ ერთიანი ორგანოს შექმნის მომხრეა

კონფერენციაში მონაწილეობის გარდა, ქუმსიშვილმა ჩინეთში გამართა შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელთან, რომელზეც საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ურთიერთობების შემდგომი განვითარების გზები განიხილა.

„ბოლო სამი წლის – 2017–2020 წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში 3,5 მილიარდი დოლარით მეტი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს მხოლოდ ძირითად ინფრასტრუქტურაში და რა თქმა უნდა, ეს ინვესტიციები უნდა მოიზიდოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან. და დღეს ჩვენ, პრაქტიკულად, დაფინანსებული გვაქვს ყველა ის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, რაზეც ამ წუთას ვსაუბრობდით“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ქუმსიშვილს დაგეგმილი აქვს შეხვედრები ჩინეთის სამთავრობო და ბიზნეს–წრეების წარმომადგენლებთან. ვიცე–პრემიერი ასევე გამართავს შეხვედრებს ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების კომიტეტში.

საქართველომ და ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობა დაიწყეს

ჩინეთმა 2013 წელს ეკონომიკური განვითარების ახალი სტრატეგიის „ერთი გზა – ერთი სარტყელი“ შესახებ განაცხადა, რომელიც ევრაზიის ქვეყნებთან ინფრასტრუქტურის შექმნისა და კავშირების დამყარებისკენ არის მიმართული. სტრატეგია განვითარების ორ მიმართულებას მოიცავს: აბრეშუმის გზის ეკონომიკურ სარტყელსა და აბრეშუმის საზღვაო გზას. საუბარია სავაჭრო დერეფნის შექმნაზე შეღავათიან პირობებში საქონლის პირდაპირი მიწოდებისთვის აღმოსავლეთიდან დასავლეთში.

აბრეშუმის გზის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ის ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. ამასთან დაკავშირებით, ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, „აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა ავტომაგისტრალი „აღმოსავლეთი–დასავლეთი“, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო განშტოება და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

„აბრეშუმის გზის“ ფორუმი 2017 წლის ნოემბერში თბილისში უკვე მეორედ გაიმართა. მან მსოფლიოს 60 ქვეყნიდან ორი ათასამდე დელეგატს უმასპინძლა.