ქუმსიშვილი: შევქმენით ინვესტორთა საბჭო, რომლის დანერგვას ყველა ქვეყნის მთავრობას ვურჩევ

საინვესტიციო ფორუმი, რომელშიც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით ღებულობს მონაწილეობას, დუბაიში 9–11 აპრილს ტარდება
Sputnik

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დუბაის ყოველწლიური, რიგით მერვე საინვესტიციო ფორუმი (AIM) მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს პირველი  ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

საინვესტიციო ფორუმი, რომელშიც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით ღებულობს მონაწილეობას, დუბაიში 9–11 აპრილს ტარდება. 

საქართველოში მასპინძლობისა და მოგზაურობის ინდუსტრიის ინოვაციების ფორუმი გაიმართება

ფორუმში საქართველოს წელს პირველად გამოეყო განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე, რომელზეც წარმოდგენილი იქნება  საქართველოს საინფორმაციო სტენდი და თითოეულ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია იმ პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორების შესახებ, რასაც საქართველო სთავაზობს უცხოელ ინვესტორებს.

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები ფორუმზე ქვეყნის საინვეტიციო გარემოსა და პრიორიტეტული სექტორების შესახებ პრეზენტაციას გამართავენ. 

„კერძო სექტორთან კომუნიკაციის მიზნით შევქმენით ინვესტორთა საბჭო, რომლის დანერგვას ყველა ქვეყნის მთავრობას ვურჩევ“, — განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა  ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრმა პანელის მონაწილეებს  ინვესტორთა საბჭოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და განმარტა, რომ ის ყველა ბიზნეს–ასოციაციას, ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუციას  და ეკონომიკურ ბლოკს აერთიანებს. 

საქართველოს რეგიონებში 37 ახალი სასტუმრო აშენდება

„ინვესტორთა საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ–მინისტრია და ბიზნესის ხმა მკაფიოდ და ძლიერად ისმის. ჩვენ პერმანენტული შეხვედრები გვაქვს, რომლის დროსაც ყველა ბიზნეს–ასოციაციას აქვს შესაძლებლობა ისაუბროს და წარმოადგინოს ყველა ის პრობლემა, თუკი რამე აქვს კერძო სექტორს… ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან კარგი და ძალიან ეფექტიანი პლატფორმა, რომლის დანერგვასაც ყველა ქვეყნის მთავრობას ვურჩევ“, — განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ინვესტორთა მოსაზიდად აუცილებელია მათ ჰქონდეთ გარანტია იმისა, რომ მათი პროდუქტი, მათი ინტელექტუალური საკუთრება, მათი საკუთრების უფლება იქნება დაცული. ამ მხრივ  კი საქართველომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დიდი ნაბიჯები გადადგა წინ.

დუბაის საინვესტიციო ფორუმში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, მონაწილეობენ უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიები, ორგანიზაციები, ინვესტორები, ექსპერტები და ა.შ. 

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ცნობით,  მიუხედევად იმისა, რომ წლევანდელ  გამოფენაზე საპატიო ქვეყნის სტატუსით, საქართველო პირველადაა წარმოდგენილი, 2016 წლის 11-12 აპრილს გამართულ საინვესტიციო ფორუმს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდა, რომელმაც პლენარულ სესიაზე „Global Leaders Debate" მოხსენება გააკეთა.