ფოფხაძე: პრემიერს თანავუგრძნობ... რას გავითვალისწინებ და რას არა, ეს ჩემზეა დამოკიდებული

მიუხედავად პრემიერის მოწოდებისა, დეპუტატი საკუთარ გადაწყვეტილებას მმართველი პარტიის დატოვების შესახებ არ ცვლის
Sputnik

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik.  საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ, რომელმაც გასულ კვირას მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დატოვების შესახებ განაცხადა, აღნიშნა, რომ პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ადამიანურად უთანაგრძნობს.

ასე შეაფასა ფოფხაძემ საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვები, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ დეპუტატი უმრავლესობას არ დატოვებს. 

პრემიერ–მინისტრი: გედი ფოფხაძეს შევხვდი და ვთხოვე არ დაეტოვებინა უმრავლესობა

გედევან ფოფხაძემ ყველასთვის მოულოდნელად მმართველი პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ შესაძლო დატოვების შესახებ განცხადება 4 აპრილს გააკეთა.  აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად მან  თანაპარტიელების მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერა დაასახელა. კაკაბაძის კანდიდატურა ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“ წამოაყენა, რომელსაც მხარი 55 დეპუტატმა დაუჭირა, 12–მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. 

„პრემიერი ძალიან კარგი ადამიანია, მე მას, როგორც ადამიანს თანავუგრძნობ და ჩემთვის გიორგი კვირიკაშვილი როგორც პიროვნება სულერთი არაა. რას გავითვალისწინებ და რას არა, ეს ჩემზეა დამოკიდებული“, – განაცხადა საქართველოს მაუწყებლის პირველ არხზე ფოფხაძემ.

მისი სიტყვებით, ამ ეტაპზე მას საპარლამენტო უმრავლესობაში ყოფნა არაფერს აძლევს.

 „გადაწყვეტილება უკვე მივიღე. მინდა ჩემი კოლეგების პოზიციებში გავერკვიო, რამდენადაც მე ბევრი მეგობარი, თანამოაზრე და მომხრე მყავს. მე მათზე უარს არ ვამბობ და ჩემი წასვლა მათ წინააღმდეგ პროტესტს არ ნიშნავს. ჩემი წასვლა ეს პროტესტია იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებმაც არ გაითვალისწინეს  არც ჩემი ინდივიდუალური ფაქტორი და არც ჩემი ღირსება“, – აღნიშნა ფოფხაძემ. 

ირაკლი კობახიძე: გედევან ფოფხაძემ თანაგუნდელებს მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა

მას შემდეგ, რაც ფოფხაძემ განაცხადა რომ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას გეგმავს, ქართულ მედიაში უმრავლესობის რიგებში კრიზისის არსებობაზე დაიწყო საუბარი. პარლამენტარმა მარიამ ჯაშმა, რომელმაც ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, საზოგადოების წინაშე საჯაროდ მოიხადა ბოდიში.

დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ  პარტიაში შექმნილ კრიზისულ მდგომარეობასთან დაკავშირებით  ტელეკომპანია Rustavi2–თან განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს პოლიტიკური გამოცდილება აკლია.

გედევან ფოფხაძე 2014 წლიდან მმართველი პარტიის წევრია. მაშინ  თავისი თანაპარტიელებისგან („ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“) განსხვავებით, რომლებმაც „ქართული ოცნების“ კოალიცია დატოვეს, ის მმართველ პარტიაში შევიდა. 2016 წელს ფოფხაძემ  საპარლამენტო  არჩევნებში გაიმარჯვა და   დეპუტატი გახდა.