თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. დუბაიში 9-11 აპრილს დაგეგმილ ყოვეწლიური საინვესტიციო ფორუმში (AIM) საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.
„ფორუმი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელზეც თავს იყრის, უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიები/ორგანიზაციები, ინვესტორები, ექსპერტები და ა.შ. ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს გაეცნოს მონაწილე ქვეყნების საინვესტიციო კლიმატს, შესაძლებლობებსა თუ პროექტებს“, — ნათქვამია სააგენტოს ვებგვერდზე.
ფორუმში საქართველოს წელს პირველად გამოეყო განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე. სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს საინფორმაციო სტენდი დ ა თითოეულ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია იმ პრიორიტეტული საინვესტიციო სექტორების შესახებ, რასაც საქართველო სთავაზობს უცხოელ ინვესტორებს.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები ფორუმზე ქვეყნის საინვეტიციო გარემოსა და პრიორიტეტული სექტორების შესახებ პრეზენტაციას გამართავენ.
„სტაბილური ეკონომიკური გარემო, ლიბერალური და თავისუფალი სავაჭრო ეკონომიკა, მნიშვნელოვნად გამარტივებული ადმინისტრაციული პროცედურები, შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმები, ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და კონკურენტული სამუშაო ძალა სწორედ ის ფაქტორებია, რომლებიც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს“, — აღნიშულია სააგენტოს ვებგვერდზე.
სააგენტოს ცნობით, მიუხედევად იმისა, რომ წლევანდელ გამოფენაზე საპატიო ქვეყნის სტატუსით, საქართველო პირველადაა წარმოდგენილი, 2016 წლის 11-12 აპრილს გამართულ საინვესტიციო ფორუმს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდა, რომელმაც პლენარულ სესიაზე „Global Leaders Debate" მოხსენება გააკეთა.