ბრალდება – სექსუალური შევიწროება: საჯარო რეესტრის უფროსმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა

საქართველოს საჯარო რეესტრის უფროსმა პაპუნა უგრეხელიძემ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს შურისძიება უწოდა.
Sputnik

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ, რომელიც ყოფილმა თანამშრომელმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, თანამდებობის დატოვების თაობაზე განცხადება დაწერა.

ქალბატონმა, რომელიც რეესტრში 12 წელი მუშაობდა და ანონიმურად დარჩენა ისურვა, უგრეხელიძე დაადანაშაულა იმაში, რომ იგი მას თითქმის ყოველდღე უხამს  წინადადებებს სთავაზობდა და შეურაცხყოფას აყენებდა. ამის შესახებ მან ქართველი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„იმისათვის, რომ შევძლო ჩემი პატივისა და ღირსების სრულყოფილი დაცვა, ამავდროულად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ავარიდო ჩემი ოჯახის წევრები და საჯარო რეესტრის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები, იუსტიციის სამინისტრო და პირადად მინისტრი დღემდე მიმდინარე ძალიან ბინძურ კამპანიას, საქართველოს იუსტიციის მინისტრს გუშინ უკვე მივმართე განცხადებით თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით“, – დაწერა უგრეხელიძემ საკუთარ  Facebook–გვერდზე. 

ამასთან ერთად მან დაასახელა იმ ქალბატონის ვინაობა, რომელიც მას ადანაშაულებს – ეკა მესხიძე, რომელიც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ცოლისძმის ცოლია.

უგრეხელიძემ უარყო მესხიძის ბრალდება სექსუალური შევიწროების შესახებ. მისი სიტყვებით, ქალბატონი საჯარო რეესტრში 2016 წლის იანვრამდე მუშაობდა, მისი დადანაშაულება კი 2016 წლის აგვისტოში მისი მეუღლის გათავისუფლების შემდეგ დაიწყო. უფრო მეტიც, უგრეხელიძის განმარტებით, იგი მესხიძესთან მეგობრობდა და სამსახურში წარსადგენად რეკომენდაციაც კი მისცა. 

სექსუალურ შევიწროებაში ამჯერად საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარეს ადანაშაულებენ

„ვაცხადებ, რომ ეს ბრალდებები არის შურისძიება იმის გამო, რომ ე. მესხიძის მეუღლე ზურაბ ყიფიანი, რომელმაც რეესტრში მუშაობა 2010 წელს დაიწყო, 2016 წლის 22 აგვისტოს ბრძანებით შეფარდებული დისციპლინური სახდელის საფუძველზე გათავისუფლდა საჯარო რეესტრის გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის სივრცითი ინფორმაციის სამსახურის გეოინფორმაციული სისტემების ადმინისტრატორის პოზიციიდან“, – წერს უგრეხელიძე.

საქმეს უკვე გაეცნო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. ომბუდსმენის წარმომადგენლის განცხადებით, უგრეხელიძის განმარტებები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბრალდება უსაფუძვლოდ ჩაითვალოს. 

როგორც აღმოჩნდა, ეს სექსუალურ შევიწროებაში უგრეხელიძის დადანაშაულების პირველი შემთხვევა არ ყოფილა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, მათ სარჩელი სასამართლოში უკვე შეიტანეს.

აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას უგრეხელიძემ განაცხადა, რომ მესხიძემ საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომლები გამოიყენა, რომლებიც ამჟამად სახალხო დამცველის აპარატში მუშაობენ. მისი სიტყვებით, მან სხვა ქალბატონებსაც შესთავაზა უგრეხელიძის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულება.