TripExpert: თბილისი საუკეთესო განვითარებადი მიმართულებაა

თბილისზე სტატიის ავტორი ამ დასკვნამდე ექსპერტების შეფასებების ანალიზით მივიდა.
Sputnik

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. თბილისმა 2018 წელს ტურისტული ვებ-გვერდის TripExpert მოგზაურობების ექსპერტების ყურადღება მიიპყრო, ვებ-გვერდმა დედაქალაქს „საუკეთესო განვითარებადი მიმართულება" უწოდა.

ვებ-გვერდი TripExpert სასტუმროებს, რესტორნებსა და ღირსშესანიშნაობებს გზამკვლევებში, ჟურნალებსა და გაზეთებში ექსპერტების გამოხმაურებების საფუძველზე აფასებს.

თბილისში ახალი ტურისტული ზონა გაჩნდება

თბილისისადმი მიძღვნილ სტატიაში ნათქვამია, რომ National Geographic, The Guardian და Rough Guides-ის მოგზაურობების ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან, რომ ახლა სწორედ თბილისში სტუმრობის დროა.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ, ლეგენდის თანახმად, თბილისის მდიდარი ისტორია 15 საუკუნეზე მეტს ითვლის, მან ბევრი კულტურის გავლენა განიცადა, მაგრამ თავისი უნიკალურობის შენარჩუნება შეძლო.

მასალაში მოთხრობილია თანამედროვე თბილისის კულტურულ ცხოვრებაზე, მათ შორის მწერალთა სახლზე, რომელიც საუკუნეზე მეტია კულტურის ცენტრს წარმოადგენს; პროექტზე ArtBeat, რომელიც თანამედროვე ქართველ მხატვრებს აერთიანებს.

ექსპერტები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ გოგირდის აბანოებს, სადაც დედაქალაქის უძველეს კულტურასთან შეხებაა შესაძლებელი.

ტურისტული ბუმი: საქართველოში 14,8%-ით მეტი უცხოელი ჩამოვიდა

წოდება „თბილისის ყველაზე მოდური სასტუმრო" 137-ოთახიან სასტუმრო Rooms Hotel-ს ერგო, რომელიც, საერთაშორისო ექსპერტების აზრით, კარგად უთავსებს თანამედროვე ტენდენციებსა და ორიგინალურ ქართულ ესთეტიკას.

სტატიაში ჩამოთვლილია ექსპერტების აზრით საუკეთესო რესტორნები და ბარები, ხოლო ღამის კლუბს Bassiani ლეგენდარული ბერლინური კლუბის Berghain-ის დიდებას უწინასწარმეტყველებენ.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ თბილისში ხელმისაწვდომია როგორც ინდივიდუალური ტურები (მათ შორის ვერტმფრენით), ისე კარგად შერჩეული რესტორნები სასტუმროებში, რომლებიც სტუმრებს სთავაზობენ ქართული სამზარეულოს კერძებს, ასევე ბარები სხვადასხვა კოქტეილებით.

სტატიაში წერია, რომ ღამის კლუბებში იშვიათად წააწყდებით ნარკოტიკებს, რადგან საქართველოში მკაცრი კანონებია და მცირე დოზისთვისაც კი ადამიანს სერიოზული პრობლემები შეიძლება შეექმნას.