გადადგება თუ არ გადადგება?

ხმები პრემიერ კვირიკაშვილის შესაძლო გადადგომის შესახებ გადაჭარბებულია თუ არა, ამას უახლოეს მომავალში შევიტყობთ.
Sputnik

ზოგიერთმა ჟურნალისტმა მისი გადადგომის სავარაუდო დღე — 19 მარტიც კი დაასახელა, თუმცა უფრო ინფორმირებულები ამბობენ, რომ ცვლილებები გვიან გაზაფხულზე ანუ მაისში განხორციელდება, ან საერთოდ არ განხორციელდება.

საქმე ის გახლავთ, რომ თავად კვირიკაშვილს არც პრეზიდენტობა სურს და არც — პოსტიდან წასვლა. ამავე დროს, მისთვის მართლაც მძიმე მორალური დარტყმა იყო არჩილ ტატუნაშვილის ცხედარის გადმოცემის საკითხის მოუგვარებლობა. სანამ კვირიკაშვილი გადადგება, კარგი იქნება, ჯერ ის თანამდებობის პირი მოხსნას, ვინც მას ამ წერილის გაგზავნა ურჩია. საქმე ის გახლავთ, რომ რუსულმა მხარემ არანაირ დონეზე არ უპასუხა წერილს, პრესსამსახურის განცხადების გარდა.

„ვის უნდა 20 ათასი" ანუ საპრეზიდენტო მარათონი

მეორეს მხრივ, იმავე თანამდებობის პირს, დიპლომატიის ყველა წესის თანახმად, წინასწარ 40 პროცენტით მაინც უნდა ჰქონოდა შეთანხმებული რუსულ მხარესთან ამ ღია წერილზე სავარაუდო რეაქციები. ესეც არ მოხდა. ჟურნალისტი ელისო კილაძე წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ წერილისა და კიდევ ბევრი რაიმის გამო სასტიკადაა გაბრაზებული. სარწმუნო წყაროების ინფორმაციით, ის უმრავლესობის ბოლო შეხვედრას ესწრებოდა და მთავრობა ბევრი რამის გამო სასტიკად გააკრიტიკა. ამავე წყაროს ცნობით, კვირიკაშვილის წასვლა უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ ჯერ კიდევ არაა შერჩეული მისი სავარაუდო შემცვლელი.

„რუსთავი-2“-ის ინფორმაციით, მის შემცვლელად ივანიშვილის ახლო გარემოცვა ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძესა და შს მინისტრ გიორგი გახარიას განიხილავს. თუმცა გახარიამ ისეთი მასშტაბური რეფორმების გატარება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომ ამ ეტაპზე მისთვის ადგილის შეცვლა ნაკლებადაა სავარაუდო. ბახტაძე ივანიშვილის პარამეტრებში უკეთ ჯდება — ახალგაზრდა, ენერგიული, სავარაუდოდ, შემსრულებელიც და მორჩილიც, ანუ მადლიერი.

ხელისუფლება გუბერნატორებს სახლში უშვებს?!

ნაკლებად სავარაუდოა დიმიტრი ქუმსიშვილის წასვლა კვირიკაშვილთან ერთად, როგორც ამას რუსული მედია წერს. ქუმსიშვილს თავისი პირადი კონტაქტები აქვს ფარულ მმართველთან და ამავე დროს, უკანაც საკმაოდ დიდი მედია და ფინანსური დაჯგუფება უდგას. უფრო სავარაუდოა, რომ ის პირიქით, თავად შეეცადოს, გახდეს პრემიერი, თუმცა გუდაურში მომხდარი ინციდენტი მის შანსებზე სერიოზულად იმოქმედებს.

ამბობენ, უმრავლესობის ბოლო შეხვედრაზე იმდენად დაძაბული საუბარი იყო, არც ვადამდელი არჩევნებია გამორიცხულიო. საქმე ისაა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში დღეს თავად ბიძინა ივანიშვილის კადრები უმცირესობაში არიან. ძირითადი ნაწილი კვირიკაშვილმა დააკომპლექტა. სერიოზულადაა წარმოდგენილი კახი კალაძისა და სუსის კადრები. თუმცა ეს ორი უკანასკნელი ფრიად ჩახლართულია ერთმანეთში და დამოუკიდებელი თამაშის წამოწყებასაც ცდილობენ. ძალთა ასეთი გადანაწილება კი ბევრს ხელს არ აძლევს. 

მორიგი პოლიტიკური კრიზისი საქართველოში, თუ დიდი ბიზნესი ჭამს პატარას

მოკლედ, ხელისუფლებაში სერიოზული დაძაბულობაა და რით განიმუხტება ეს დაძაბულობა, კვირიკაშვილის გადადგომით თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით, ეს უახლოს მომავალში გამოჩნდება. ამ მხრივ პრეზიდენტ მარგველაშვილის ამერიკულ ვიზიტსაც დიდი მნიშვნელობა ექნება. წესით, რადგან კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება, ხელისუფლების გადახალისება ამ გაზაფხულს არ უნდა გადასცდეს.


რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!