თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში, აჭარისა და კახეთის რეგიონებში ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება–გასაღების ხუთი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით ხუთი პირი მისცეს პასუხისგებაში, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა — სხვადასხვა ინდივიდუალური საწარმოს და შპს-ის ხელმძღვანელმა პირებმა დაამზადეს და გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები და მომსახურების გაწევის აქტები.
აღნიშნული დოკუმენტებით ფიქტიურად დაფიქსირდა სხვადასხვა დასახელების საქონლის მიწოდება, ასევე სამშენებლო და სატრანსპორტო მომსახურების გაწევა. მათი ჯამური თანხობრივი ღირებულება 400 ათასი ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით ("ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი"), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ორიდან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.