თბილისი, 7 მარტი — Sputnik. მიმდინარე წლის 14 იანვარს თბილისში, ზაჰესის დასახლებაში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ფაქტი გახსნილია, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
2018 წლის იანვარში ზაჰესის დასახლებაში, ავჭალის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში ცოლ-ქმარი მოკლეს. გარდაცვლილებს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული.
სამართალდამცველებმა 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ. ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
„ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს თბილისში, ზაჰესის დასახლებაში, ავჭალის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში ნაცნობს — 1951 წელს დაბადებულ ე.ტ.-სა და მის მეუღლეს — 1968 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ორივე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა", — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, ასევე გახსნილია ბოლო პერიოდში რამდენიმე გახმაურებული მკვლელობისა და ყაჩაღობის ფაქტი, მათ შორის, 2017 წლის 5 აგვისტოს ბათუმში მომხდარი მკვლელობისა და თბილისში, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი.