თბილისი, 6 მარტი — Sputnik. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს, რომელიც ცხინვალის რეგიონში დაკავების შემდეგ გარდაიცვალა, ოჯახს ამ კვირის ბოლომდე გადასცემენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლება ამტკიცებს, თითქოს დაკავებული ტატუნაშვილი გაქცევას ცდილობდა, ცხინვალის დე-ფაქტო ძალოვანმა სტრუქტურებმა კი ძალა გამოიყენეს, რის გამოც ის დაეცა, კიბეზე დაგორდა და ცუდად გახდა. იგი ადგილობრივ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ის 22 თებერვალს გულის შეტევით გარდაიცვალა. ქართულ მხარეს ამ ვერსიის არ სჯერა და პირველივე დღიდან ცხედრის გადმოცემას ითხოვს.
„არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით აღარ გავაკეთებ შეფასებებს. ბევრი იყო საუბარი ამასთან დაკავშირებული. ერთადერთი, რაც მინდა ვთქვა, ისაა, რომ ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩართული არიან ამ კომუნიკაციაში, გვიდასტურებენ, რომ კვირის ბოლოს არ უნდა გადასცდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება", — განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
პრემიერმა ასევე ივარაუდა, რომ საქართველოს ორი მოქალაქე — ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, რომლებსაც საქართველოს ხელისუფების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიის დატოვების უფლებას არ აძლევენ, მალე დაბრუნდებიან შინ. ისინი ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს, მაგრამ მისი დაღუპვის შემდეგ მალევე გაათავისუფლეს, თუმცა ტერიტორიის დატოვების უფლება არ მისცეს.
ტატუნაშვილის დაღუპვამ ქართულ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. საქმეში ჩაერთო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეც, რომელმაც წერილი მისწერა და დახმარება სთხოვა რუსეთის პატრიარქ კირილს.
დაღუპულის ცხედარს, სავარაუდოდ, საერთაშორისო ორგანიზაცია „წითელი ჯვარი" გადმოასვენებს.
ტატუნაშვილის დაკავების შემდეგ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს არჩილ ტატუნაშვილი თანამშრომლობდა ქართულ სპეცსამსახურებთან და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ე.წ. ოსი ერის გენოციდში.
იქვე აღნიშნეს, რომ ტატუნაშვილის დაღუპვა გამოძიების ინტერესებში არ შედიოდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღნიშნულ ბრალდებებს „გამოგონილი და ფაქტების დამახინჯების მიზანმიმართული მცდელობა" უწოდა.
ტატუნაშვილის ახლობლები მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს. ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ცხედრის გადმოცემა რუსი ექსპერტების მიერ ექსპერტიზის ჩატარების მიზეზით დააყოვნა.
არჩილ ტატუნაშვილი 2007-2011 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა. მას უმცროსი სერჟანტის წოდება ჰქონდა. ქართული მასმედიის ინფორმაციით, ტატუნაშვილი სხვადასხვა დროს მონაწილეობდა სამშვიდობო მისიებში ერაყსა და ავღანეთში, ასევე იყო 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე.