თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნებთან დროებითი შრომითი მიგრაციის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის დაწყება უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შენარჩუნების გარანტი იქნება და "შეჩერების მექანიზმის" ამოქმედების ალბათობას შეამცირებს,ნათქვამია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შრომითი მიგრაციის პროცესების წარმატებული რეგულირებისა და მართვის მიზნით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (IOM) შორის უკვე გაფორმდა მემორანდუმი.
სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად დროებითი, ცირკულარული მიგრაციის განხორციელების მიზნით მოლაპარაკებები პოლონეთთან და ევროკავშირის კიდევ სამ ქვეყანასთან მიმდინარეობს. თუმცა, რომელია ეს ქვეყნები, ამ ეტაპზე არ სახელდება.
„თანამშრომლობის განვითარების შედეგად საქართველოდან არალეგალური ხასიათის მქონე შრომითი მიგრაცია კანონიერების ჩარჩოებში მოექცევა, შესაბამისად, შემცირდება უცხოეთში არალეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებული რისკები. ხელი შეეწყობა შრომითი მიგრანტების შრომითი და სოციალური უფლებების დაცვას, საქართველოსა და მიმღებ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარებას", — ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს არალეგალურ, ხანგრძლივ შრომით ემიგრაციასთან დაკავშირებული დემოგრაფიული და სოციალურ-ფსიქოლოგიური პრობლემების შემსუბუქებას და სამშობლოში დაბრუნებისას უცხოეთში მიღებული პროფესიული ცოდნის უკეთ გამოყენებას.
ამჟამად IOM-ი და ჯანდაცვის სამინისტრო თანამშრომლობენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის — „საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა“ (SBMMG) ფარგლებში, რომლის მიზანია განავითაროს სამინისტროს შესაძლებლობები ევროკავშირის რიგ ქვეყნებთან დროებითი შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობისა და ამ ქვეყნებში საქართველოდან მიგრანტ მუშაკთა კანონიერად დასაქმების ხელშეწყობისთვის.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე.
უვიზო რეჟიმით ქვეყნის 220 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. ამასთან, 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრამდე ევროკავშირის ქვეყნებიდან იძულებითი დაბრუნების გზით საქართველოში 2000-ზე მეტი მოქალაქე დაბრუნდა.
ევროპაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა 2017 წელს 35%-ით გაიზარდა, რაც ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. მათ შორის არიან გერმანია, ისლანდია და შვედეთი.
საქართველოს ხელისუფლებამ უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევთა მიმართ კანონმდებლობის გამკაცრების გადაწყვეტილება უკვე მიიღო. ინიციატივის თანახმად, ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას დაეკისრება. გარდა ამისა, იგეგმება გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრება.