კალაძემ გუდიაშვილის მოედანზე რესტავრაციის დაწყების თარიღი დაასახელა

თბილისის მერმა ახსნა, რატომ გაიწელა ქალაქის ისტორიულ ნაწილში აღდგენითი სამუშაოების დაწყება
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ლადო გუდიაშვილის მოედანზე ისტორიული შენობების აღდგენის პროცესი ოთხშაბათს დაიწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ლადო გუდიაშვილის მოედნის კონსერვაციის გეგმის შემუშავებაზე მუშაობა 2015 წლის მარტში დაიწყო. უკვე წლის ბოლოს მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაციის პირველი ეტაპი დაიწყო: შენობების უმეტესობა ლითონის საყრდენებით გაამაგრეს.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გუდიაშვილის მოედნის დაცვაში იყო ჩართული. იყო ძალიან ბევრი გამოსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შენარჩუნებულიყო ეს მოედანი და მეც ვეთანხმები ამას, რადგან ეს ის სიმდიდრეა, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია“, — განაცხადა კალაძემ.

კალაძე ნარიყალასთან დაკავშირებით: მგონია, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია

მერის თქმით, პროექტზე მუშაობდნენ ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, ძეგლთა და ღირსშესანიშნავი ადგილების შენარჩუნების საერთაშორისო საბჭო „იკომოსი“ (ICOMOS) და ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარი“. 

„ჩვენ უკვე ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. დღეს არ გვექნება ოფიციალური ცერემონია, რამდენიმე დღეში გავაკეთებთ ამას, თუმცა სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. პროექტის შემუშავებაში ჩართული მხარეების რეკომენდაციები მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული და სამუშაოების დაწყება დროში სწორედ ამიტომ გაიწელა“, — აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პროცესი მხოლოდ ამ კონკრეტული პროექტით არ დასრულდება.

„ჩვენ საკმაოდ ამბიციური და მასშტაბური გეგმები გვაქვს. ყოველთვის ვამბობდი, რომ ძველ თბილისს მოვლა-პატრონობა სჭირდება. უამრავი ძეგლია ქალაქში, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს. ეს ის ადგილები და უბნებია, რომლითაც ვამაყობთ“, — განაცხადა კალაძემ.

პროექტი გულისხმობს როგორც თავად მოედნის, ისე მის მიმდებარედ არსებული შენობების აღდგენას, რომელთა უმეტესობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. სრულად უნდა აღდგეს 30 შენობა, აქედან 20 უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.

კალაძემ გუდიაშვილის მოედანზე რესტავრაციის დაწყების თარიღი დაასახელა

აღდგენას ექვემდებარება არა მხოლოდ შენობების ფასადი, არამედ მე–16 საუკუნის სარდაფები. პროექტის ფარგლებში უკვე დაგეგმილია გუდიაშვილის სკვერის აღდგენა. სამუშაოები 2019 წელს დასრულდება. 

თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა მასშტაბური პროექტი „ახალი ტფილისი“ 2016 წელს დაიწყეს. პროექტი გულისხმობს დედაქალაქის ცენტრში ახალი საზოგადოებრივ–სარეკრეაციო ზონებისა და ტურისტული მარშრუტების შექმნას.

თბილისში ახალი ტურისტული ზონა გაჩნდება

პროექტის პირველ ეტაპზე აღმაშენებლის გამზირზე პირვანდელი სახე დაუბრუნეს 47 ისტორიულ შენობას, აქედან 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. შედეგად გამზირის ნაწილი საფეხმავლო და ტურისტების საყვარელი ადგილი გახდა.

გასული წლის ივნისში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ევროპულმა ორგანიზაციამ ევროპის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და დაცვის სფეროში Europa Nostra-მ აღმაშენებლის გამზირის რესტავრაციის პროექტი საუკეთესოდ აღიარა კატეგორიაში "კონსერვაცია".

„ახალი ტფილისის“ პროექტის მეორე ეტაპი ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების აღდგენას ითვალისწინებს. დეკემბრის შუა რიცხვებში ორბელიანის მოედნის რესტავრაციის აქტიური სამუშაოები დაიწყო.