თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. რამდენიმე მოსამართლის უვადოდ დანიშვნა კითხვებს აჩენს როგორც საზოგადოებაში, ისე ხელისუფლებაში, აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში მის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ხუთშაბათს 44 მოსამართლე უვადოდ გაამწესა. მათ შორისაა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ კაპანაძეც, რომელმაც 2005 წელს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს სულხან მოლაშვილს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მოლაშვილი 2014 წელს წამების მსხვერპლად აღიარა.
„რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადობაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენ გუნდშიც. მათ შორის, მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კითხვებს გაეცეს დასაბუთებული, საჯარო პასუხი. სამართლიანობის განცდა არის საფუძველთა საფუძველი, რომელზეც შენდება დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფო", — აღნიშნა კვირიკაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, ხანდახან ხელისუფლების გადაწყვეტილება საზოგადოებრივ განწყობას შეიძლება არ შეესაბამებოდეს.
„რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ ინსტიტუციონალური გადაწყვეტილებები ყოველთვის თანხვედრაში ვერ იქნება საჯარო აღქმებთან, თუმცა არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები, რომლებიც ღირებულებებს ეხება და მთელ ერს აერთიანებს. სწორედ ღირებულებებისთვის ბრძოლამ გააერთიანა ჩვენი ერი და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოიპოვა გამარჯვება "ქართულმა ოცნებამ". ჩვენ ვალდებული ვართ, ამ მიღწევას გავუფრთხილდეთ და არავითარ შემთხვევაში არ დავტოვოთ უპასუხოდ საზოგადოების კითხვები, რომლებიც აბსოლუტურად ლეგიტიმურია", — განაცხადა კვირიკაშვილმა.
კაპანაძის გარდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დაინიშნა შორენა გუნცაძე, რომელმაც მიმდინარე წლის იანვარში ყოფილ ტელეწამყვანს, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს (მეტსახელად „ბახალა") განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შენახვა-შეძენისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ასევე უვადოდ დაინიშნა ნათია გუჯაბიძე, რომელიც სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობაში შედიოდა, რომელმაც ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშისთვის დაბრუნების შესახებ.
გარდა ამისა, მოსამართლის მანტია უვადოდ გადაეცა გიორგი გოგინაშვილს. მან 2011 წელს, როდესაც საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო, პატიმრობა შეუფარდა თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს სერგო თეთრაძეს, რომელსაც შპიონაჟი ედებოდა ბრალად. თეთრაძე საპატიმროში გარდაიცვალა.
2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამოძიებამ დაადგინა, რომ თეთრაძე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არაერთხელ გააკრიტიკეს მოსამართლეების უვადოდ გამწესების პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. კრიტიკა გამძაფრდა მას შემდეგ, რაც მისი წევრი საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე გახდა.
ერთ-ერთ სხდომაზე დოლიძემ განაცხადა, რომ სასამართლო ხელისუფლება იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის "ნარჩენებისგან" უნდა გაიწმინდოს. ადეიშვილი საქართველოში რიგი თანამდებობრივი დანაშაულისთვის იძებნება.
ამ განცხადების შემდეგ დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებმა მკაცრად გააკრიტიკეს და არ დაუშვეს 14 მოსამართლესთან გასაუბრებაზე მათ უვადოდ დანიშვნამდე.
„ციხეები გადატვირთული იყო. საქართველო პატიმრების რაოდენობით, მოსახლეობასთან შედარებით, მსოფლიოში მეოთხე ადგილზე იყო…", — განაცხადა დოლიძემ ტელეარხ Palitra News-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ციხეებიდან დაახლოებით ათი ათასი პატიმარი გამოუშვეს; დადგინდა, რომ ქვეყანას ჰყავდა პოლიტიკური პატიმრები და სასამართლომ ამას მხარი დაუჭირა. ეს ადამიანები გაამართლეს. და დღეს ის ადამიანები, რომლებმაც ეს ადამიანები ციხეებში გაამწესეს, სისტემაში უვადოდ დარჩნენ, აღნიშნა დოლიძემ.