თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) დამარცხების შემდეგ საქართველოში 50 მებრძოლი დაბრუნდა, წერს ამერიკული გამოცემა Washington Post.
სტატია ეყრდნობა Soufan Center-ისა და The Global Strategy Network-ის კვლევას, რომლის თანახმად, ISIS-ის დამარცხების შემდეგ საკუთარ სამშობლოში უკვე 5600 მებრძოლი დაბრუნდა. კვლევაში „ხალიფატის მიღმა: უცხოელი მებრძოლები და მათი დაბრუნების საფრთხე“ მოცემული მონაცემების მიხედვით, საქართველოდან ერაყსა და სირიაში 200-ზე მეტი მებრძოლი წავიდა ჯიჰადისტების რიგებში საბრძოლველად, მათგან 50-მდე საქართველოში დაბრუნდა, 50-ზე მეტი კი ბრძოლის ადგილას დარჩა.
კვლევის მიხედვით, „ისლამური სახელმწიფოდან“ თურქეთში დაახლოებით 900 მებრძოლი დაბრუნდა, საუდის არაბეთში —760, ევროპაში — 1200, რუსეთში- 400. მებრძოლთა დაბრუნების მხრივ ცხელი წერტილები აღმოჩნდა ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიც — დაახლოებით 1000 მებრძოლი დაუბრუნდა სახლს მაროკოსა და ტუნისში.
როგორც Washington Post-ი წერს, ამ ქვეყნებს ჯერ არ გაურკვევიათ, როგორ მოექცევიან „ისლამური სახელმწიფოდან“ დაბრუნებულ წევრებს — დააპატიმრებენ, თუ მათ რეაბილიტაციას შეეხებათ. გამოცემის თქმით, რეაბილიტაციის პროცესი საკმაოდ რთული იქნება სხვადასხვა მიზეზის გამო.
„მიუხედავად იმისა, რომ დაბრუნებული მებრძოლები პირდაპირ არ არიან პასუხისმგებელნი ტერორისტულ თავდასხმებზე, ისინი შეიძლება მაგალითი გახდნენ მათთვის, ვინც რადიკალიზაციის გზას ადგას“, — წერს გამოცემა.
ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტერორისტული ორგანიზაცია „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“ (ISIS) 2014 წლის 30 ივნისიდან ოფიციალურად იწოდება, როგორც „ისლამური სახელმწიფო“. გაერო „ისლამურ სახელმწიფოს“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებში ადანაშაულებს.
2015 წლის თებერვალში ამერიკული დაზვერვის შეფმა ჯეიმს კლეპერმა განაცხადა, რომ ISIS-ის მხარეზე სირიასა და ერაყში დაახლოებით 20-დან 32 ათას მებრძოლამდე იბრძვის. მებრძოლთა დიდი ნაწილი არც ერაყელი და არც სირიელია, ISIS-ის რიგებში დაახლოებით 28 000 უცხოელი იბრძვის. მათგან სულ მცირე 5 000 დასავლეთის ქვეყნებიდან, 250 ამერიკიდან არის, ხოლო უმეტესობა კი მეზობელი ქვეყნებიდან — საუდის არაბეთიდან, მაროკოდან და იორდანიიდან არის.