ძირძველი სვანური მეთოდით დამზადებული სუნელი და როგორ ამოვიცნოთ ფალსიფიცირებული პროდუქტი

მთელ მსოფლიოში კულინარიული ექსპერიმენტების მიმდევრები დიდ ყურადღებას აქცევენ სანელებლებს, რადგან მათ დიდი როლი აკისრიათ სამზარეულოში. კერძებს ერთმანეთისგან ხშირად სწორედ სანელებლები განასხვავებს. ქართული სამზარეულო ოდითგანვე მდიდარი იყო ამ მხრივ.
Sputnik

ქართველმა კაცმა აღმოსავლეთიდან შემოსულ სურნელოვან სანელებლებს ადგილობრივი არომატები შეუხამა და სრულიად ახალი არომატული ნაზავი შექმნა, რომელსაც დღეს „ქართული გემო“ ჰქვია. ქართული სანელებლები განსხავებული თვისებებით და არომატით გამოირჩევა. თუმცა, ბოლო პერიოდში სადავო გახდა, რამდენად ჯანსაღ სანელებლებს გვთავაზობს ქართული ბაზარი.

მესტიის ერთ პატარა სოფელში, მულახში მივაგენი სანდომიან, შრომისმოყვარე ქალბატონს ფიქრია ზურებიანს, რომელმაც ბებიის დანატოვარი, ძველი სვანური რეცეპტით სანელებლების წარმოება დაიწყო. მოსავალი მესტიაში თავად მოჰყავს, შემდეგ საკუთარი ხელით ფქვავს და სარეალიზაციოდ ამზადებს.

ფიქრია ზურებიანი

პროფესიით ექთანია. გარკვეული პერიოდი მესტიაში მუშაობდა. დაბალი ანაზღაურების გამო თბილისში წამოვიდა საცხოვრებლად და ვაჭრობის სფეროში მოსინჯა ძალები. საკუთარი მაღაზია ჰქონდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ისიც დაკეტა და დარჩა უმუშევარი. დის რჩევით სუნელების წარმოება დაიწყო.

„სვანეთში დავთესე სხვადასხვა მცენარე. მონაწილეობა მივიღე პროექტში „აწარმოე საქართველოში“ და დამაფინანსეს. მიღებული თანხით ვიყიდე საჭირო ინვენტარი. ყველაფერი სვანეთში მომყავს. წარმომადგენლები იყვნენ მოსული, გადაუღეს ფოტოები, რომ ნამდვილად იქ მომყავს და დამაფინანსეს. ტრენინგებიც გავიარე. ერთი სიტყვით, კმაყოფილი ვარ, ძალიან დამეხმარნენ“, — ამბობს ზურებიანი.

სვანური რეცეპტით დამზადებული სუნელები

ქალბატონი ფიქრია სუნელებს ძირძველი, მამაპაპური სვანური მეთოდით ამზადებს, რომელიც დედამ ასწავლა, მას თავისმა დედამ და ა.შ. აკეთებს სვანურ მარილს, ხარჩოს, ლობიოს სუნელს და სხვა მრავალს. სუნელების გარდა აკეთებს სხვადასხვა შემადგენლობის აჯიკას, ტყემალს და ა.შ.

სუნელების წარმოება საკმაოდ დიდ დროს და ენერგიას მოითოვს, ხშირად ღამეებიც უთენებია და გამთენიისას სამუშაო ოთახში ჩასძინებია, დაღლილობით და არომატული სუნით გაბრუებულს.

„მხოლოდ დათესვა არ არის. მოსავალს არაერთხელ უნდა სარეველებისგან გაწმენდა, გათოხვნა, შემდეგ ვიღებთ თესლს. ამის შემდეგ ვჭრით და ვახმობთ. უნდა დაფშვნა, თესლი ცალკე გაუშვა, ნაყოფი ცალკე. ის რომ გაშრება, დავფქვავ. სვანურ მარილს რა სუნელებიც სჭირდება, ასევე ნიორი, მარილი, კარგად უნდა აზილო ერთმანეთში და სვანური მარილი მზად არის. თუ ხარისხიანად და კარგად გააკეთებ ყველაფერს, რა თქმა უნდა, შრომატევადია“, — ამბობს ქალბატონი ფიქრია.

სურსათის ეროვნული სააგენტო: სუნელებში ტყვიის მაღალი შემცველობაა აღმოჩენილი

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ქართულ ბაზარზე მრავლადაა კუსტარულად დამზადებული, სხვადასხვა ნივთიერებებით გაჯერებული სანელებლები, რომლის ამოცნობა არც ისე რთული აღმოჩნდა. ქალბატონმა ფიქრიამ ჩვენ მკითხველს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა.

„ნამდვილ სუნელს მუქი ფერი აქვს. მაგალითად, ყვითელ სუნელს კვერცხის გულის მსგავსი ფერი აქვს. ხელზე რომ დაიყარო და თითი გაუსვა, თუ გაკეთებულია საღებავებით, თითი გაგიყვითლდება და კვალი დარჩება. ნამდვილ სუნელს სუნიც მძაფრი აქვს. ფასშიც დიდი სხვაობაა. კარგ სუნელს იაფად ვერ იყიდი. ჩვენი ხალხი ფასს უფრო უყურებს, ვიდრე ხარისხს. ამიტომ როგორი მოთხოვნაც არის ბაზარზე, ხარისხიც შესაბამისია. სვანურ მარილს სამ ლარში აბარებენ, როცა 5-6 ლარი მარტო ნიორი ღირს. როგორ ფიქრობთ, ის ნამდვილი სვანური მარილი იქნება, ყველა ინგრედიენტით? წარმოიდგინეთ, უცხო სუნელს კაკაოს, ნიორს და მარილს ურევენ. ამას გარდა ათასნაირი ფხვნილები იყიდება, რომელსაც ურევენ. ფერსაც იმით აძლევენ და გემოსაც. ისიც კი გამიგია, რომ წითელ აგურს ფხვნიან და იმის ნაფხვენსაც კი ურევენ სუნელებში, ფერისა და სიმძიმისთვის“, – განაცხადა ჩვენთან საუბრისას ქალბატონმა ფიქრიამ.

სვანური რეცეპტით დამზადებული სუნელები

სულ ახლახან, სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აიკრძალა  ფიზიკური პირების (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) მიერ სუნელების წარმოება. თუმცა ქალბატონ ფიქრიას ეს შეზღუდვა არ შეხებია, რადგან, როგორც თვითონ აცხადებს, ყველაფერი წესრიგში აქვს.

„რა დროსაც არ უნდა შემამოწმონ, წუნს ვერ დამდებენ და ვერანაირ ხარვეზს ვერ აღმოაჩენენ. მე რასაც ჩემს შვილს არ ვაჭმევ, არც სხვას ვაჭმევ. ამის გამო მე სახელს და ადამიანობას არ გავიფუჭებ. ხელით ვფქვავ ყველაფერს, ხან ღამეებს ვათენებ“,  — განაცხადა ზურებიანმა.

ხარისხიანი პროდუქტის მიუხედავად, ქალბატონ ფიქრიას ბევრ მაღაზიაში უთხრეს უარი და მისი სუნელები არ შეისყიდეს. მიზეზად მაღალ ფასს და შეფუთვას ასახელებენ.

ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში სუნელი – დაკავებულია ერთი მეწარმე

„მაღაზიებში დავდიოდი, რომ ჩემი სუნელები შემეტანა და გული მწყდებოდა – არავინ აქცენტს არ აკეთებს ხარისხზე, ყველა კითხულობს პირველ რიგში ფასს. ხარისხიანს და ნამდვილ სუნელებს დაბალი ფასი ვერ ექნება. ერთ-ერთი მაღაზიის ქსელში მივიტანე და მათთვის შეფუთვა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ხარისხი. ხარისხზე არც გაუმახვილებიათ ყურადღება“, — ამბობს ქალბატონი ფიქრია.

მისი ოცნებაა ეს პრობლემა გამოსწორდეს ქართულ ბაზარზე. ხალხმა ისწავლოს ხარისხიანის და უხარისხოს გარჩევა. ის მომხმარებლებს მიმართავს და აფრთხილებს, როცა საქმე კვებას ეხება, იქ ცოტა ფრთხილად იყვნენ. ამბობს, რომ სწორედ არაჯანსაღი საკვების გამო მომრავლდა უამრავი დაავადება და იმატა სიმსივნის შემთხვევებმა.