საპენსიო რეფორმა: ოპოზიცია რისკებზე საუბრობს

ოპოზიცია რეფორმაში ახალგაზრდების დასაქმებისთვის საფრთხეს ხედავს, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციამ კონსტიტუციის დარღვევა დაინახა
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. კანონპროექტი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ ჯერ მხოლოდ პარლამენტის კომიტეტებში განიხილება, წამყვან ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში კი უკვე დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

პროექტი გულისხმობს დაგროვებითი პენსიის სისტემაზე გადასვლას, რომელიც სავალდებულო გახდება 40 წლამდე ასაკის ყველა პირისათვის. წარმოდგენილი სქემის თანახმად, დასაქმებული და დამსაქმებელი დასაქმებულის ხელფასის ოდენობის 2–2%-ს სპეციალურ ფონდში გადარიცხავენ. ამას სახელმწიფოც დაამატებს 1% ან 2%-ს, წლიური შემოსავლის ოდენობიდან გამომდინარე.

საპენსიო რეფორმა: როგორ შეიძლება გაიზარდოს პენსია

ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიიჩნევს, რომ დამსაქმებლებისთვის დასაქმებულის სასარგებლოდ 2%-ის გადახდის ვალდებულების შემოღება გადასახადს წარმოადგენს, სახელმწიფოს კი მისი დაწესება რეფერენდუმის გარეშე არ შეუძლია.

„რამდენადაც საპენსიო შენატანი წარმოადგენს სავალდებულო გადასახდელს, მისი ნაწილი მიემართება საპენსიო სააგენტოს საქმიანობის დასაფინანსებლად… ის გაიგივებული უნდა იქნეს გადასახადისა და მოსაკრებლის სამართლებრივ ბუნებასთან და უნდა მოექცეს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის რეგულირების სფეროში“, — ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.

საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის თანახმად, მთავრობას არ გააჩნია ახალი გადასახადის დაწესების უფლება შესაბამისი რეფერენდუმის ჩატარების გარეშე.

ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღება და მთავრობის მიერ წარმოდგენილი მოდელი რისკებს უკავშირდება.

„დამსაქმებლებს აიძულებენ უარი თქვან 40 წლამდე ადამიანების დასაქმებაზე, რაც გაზრდის ახალგაზრდებში უმუშევრობას“, — განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსმა სისტემამ შეიძლება გამოიწვიოს არამარტო უმუშევრობა, არამედ ხელფასების შემცირება და ბიზნესის მიერ დასაქმებულთა რიცხვის დაფარვა. 

გარდა ამისა, ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ ოპტიმისტური პროგნოზის გარდა, არსებობს ასევე პესიმისტური პროგნოზიც.

საპენსიო რეფორმა: როგორ მიიღებენ პენსიონრები დაგროვილ თანხებს

„ვერცერთი ფინანსისტი, ვერცერთი ეკონომისტი ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ 30 წლის მანძილზე არ იქნება ეკონომიკური კრიზისი, არ იქნება მაღალი ინფლაცია ან არ იქნება გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა. ყველა შემთხვევაში ეს ოპტიმისტური გათვლები არ მიგვიყვანს იმ შედეგებამდე“, — აღნიშნა ჭიაბერაშვილმა ტელეარხ Palitra-news-ის ეთერში.

კანონპროექტთან პრეტენზიები პროფკავშირებსაც გააჩნიათ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საშემოსავლო გადასახადის გარდა დამატებითი ხარჯები დასაქმებულებს დიდ ტვირთად დააწვება.

„პირველი 5 წლის განმავლობაში დასაქმებულებმა არ უნდა გადაიხადონ თანხა და მათი ისედაც მაღალი საშემოსავლო გადასახადიდან უნდა მიდიოდეს 2% საპენსიო ფონდში”, —განაცხადა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე დაგეგმილ საპენსიო რეფორმას დადებითად აფასებს.

„ეჭვგარეშეა ის, რომ საპენსიო რეფორმა აუცილებელია. ვერ იტყვი იმას, რომ ეს სქემა არის მოულოდნელი ან არ არის აპრობირებული. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად იქნება რეალიზებული ეს კარგი იდეა“, — განაცხადა კავკასიის საერთაშორისო ინსტიტუტის პროფესორმა „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ოპოზიციისა და არასამთავრობოების პრეტენზიებს უკვე უპასუხა. კერძოდ, დამსაქმებლის შენატანი გადასახადად ვერ ჩაითვლება, რადგან ის ირიცხება არა ხაზინაში ან ბიუჯეტში, არამედ კერძო საპენსიო ანგარიშზე. რაც შეეხება ეკონომიკურ პროგნოზებსა და რისკებს, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, გრძელვადიან პერიოდში ინფლაცია შეადგენს 3%-ს, ხოლო რეალური ეკონომიკური ზრდა — 6%-ს.