„ქართული ოცნების" ურჩები

პრეზიდენტის ვეტომ მმართველი გუნდი ორად გაყო...
Sputnik

პრეზიდენტის მეოცე ვეტოს, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ეხება, მმართველი გუნდი, როგორც ჩანს, ამ სასესიო დღეებში დაძლევს. ამ ორი-სამი მილიონით, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ცვლილებებით მიიღებს, საზმაუს მაინც არაფერი ეშველება, თუმცა ვეტომ თავისი როლი მაინც შეასრულა. უკვე გამოჩნდა იმ ხალხის კონტურები, ვინც მომავალში საკუთარ პოლიტიკურ კარიერაზე ფიქრობს.

„ოცნებაში“ არჩევნებისთანავე გამოიკვეთნენ ხელისუფლების ყველა ქმედების გამმართლებელი და შედარებით თავშეკავებული დეპუტატები უმრავლესობიდან. „გამპრავებლების“ ამპლიტუდა კობახიძე–თალაკვაძე–მდინარაძის ტრიოდან გუგული მაღრაძე–ენძელა მაჭავარიანის დუეტამდე მერყეობს.

მაგრამ თუ დავაკვირდებით დეპუტატებს, რომლებიც არასამთავრობო სექტორიდან მოვიდნენ და ასე თუ ისე საკუთარი სახელი და გვარი ჰქონდათ პარლამენტამდეც, მათ, როგორც ჩანს, დიდად არ სჯერათ, რომ „ოცნება“ 2030 წლამდე იქნება ხელისუფლებაში. ისინი ხან თავს იკავებენ კამერების წინაშე გამოჩენისგან, ხანაც ძალიან კულტურულ და ზოგად კომენტარებს აკეთებენ.

ბიძინა ივანიშვილს კი, როგორც ცნობილია, ურჩები არ უყვარს.

საზოგადოებრივ მაუწყებელს თანხის გამომუშავების საშუალება მიეცემა – პარლამენტი ვეტოს დაძლევს

ვერსია, რომ ხელისუფლებას ვეტოს დასაძლევად ხმები არ ჰყოფნის, აბსურდულია. თუ საჭირო გახდება, მათ ძალიან სწრაფად დაარწმუნებენ. საქმე ის გახლავთ, რომ მასმედიის წარმომადგენლებთან კობახიძის მეორე შეხვედრის შემდეგ ცხადზე უცხადესი იყო, რომ ვეტო დაიძლეოდა. ამბობენ, კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ ნიუანსებში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა ამეცადინაო.

როგორც ჩანს, კობახიძემ იცის, როგორ ააყვავა საზმაუ ბექაურმა. ასეა თუ ისე, მისი პოზიცია ნათელი იყო — ვეტო დაიძლეოდა. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ არც ირაკლი კობახიძე და არც არჩილ თალაკვაძე უმრავლესობის დახურული სხდომის დასაწყისს არ დასწრებიან. იქ უფრო ურჩები დაიბარეს.

არავისთვის საიდუმლო არაა, რომ რომან კაკულია პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის კადრია, მაგრამ მისი კომენტარები ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით ყოველთვის ზომიერი და სინდისიერია.

ცოტა უცნაურია ნუკრი ქანთარიას პრინციპულობა საზმაუსთან დაკავშირებით. ვოლსკის ძმაკაც და ქალაქურ ამბებში გარკვეულ ქანთარიას პროტესტი არასოდეს გასჩენია უფრო პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით. ასე რომ, მისი კენჭისყრაში არმონაწილეობა უფრო ღრმა პროტესტით უნდა იყოს გამოწვეული.

ვეტოა, ვეტო ანუ რატომ ვერ იქცა პირველი არხი საზოგადოებრივ მაუწყებლად

ზოგადად, „ოცნებაში“ დღეს, კულტურულად რომ ვთქვათ, დიდი მრავალფეროვნებაა. მართვის ბერკეტები ახალგაზრდათა ჯგუფმა ჩაიგდო ხელში, რომელიც უფრო კალაძე–გომელაურის დაჯგუფებასთანაა დაკავშირებული, ვიდრე „ოცნების“ სხვა წევრებთან.

ძველი „ოცნება“, მაგალითად, ეკა ბესელია ამით დიდად კმაყოფილი არ ჩანს. არც ისაა ახალი ამბავი, რომ 2016 წელს პარლამენტი ძირითადად კვირიკაშვილის ნაპოვნი ახალი სახეებით, მილიონერებითა და ოციოდე ძველი სახით დაკომპლექტდა. მათ შორის წინააღმდეგობა აშკარაა.

სავარაუდოდ, „ოცნება“ სასწრაფოდ პარტიის ოფისში სწორედ ვეტოს დასაძლევად და მორჩილთა ხმების დასათვლელად შეკრიბეს.

ასე რომ, ოთხშაბათს ან ხუთშაბათს ვეტო დაიძლევა, მაგრამ არჩევნების მოახლოებასთან ერთად „ოცნებაში“ რღვევის პროცესიც გაღრმავდება. ხელუსუფლებას კი სწორედ ამის დაშვება არ სურს.

ახალი ამბავი არც ისაა, რომ ივანიშვილმა პირველ ჯერზე ვერა, მაგრამ საბოლოოდ შევარდნაძის ნომენკლატურის კადრები დააბრუნა ხელისუფლებაში. გაიზიარებს თუ არა ის შევარდნაძის ბედს და დალევენ თუ არა ჩაის ახალგაზრდა რეფორმატორები დასავლეთის მხარდაჭერით, მალე გამოჩნდება…


რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!