გამხმარი ნერგები და სახსრების არაეფექტური ხარჯვა: სახელმწიფო აუდიტის შემოწმების შედეგები

თბილისის გამწვანების კომპანიის შემოწმების შედეგად გამხმარი ნერგები და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტური ხარჯვა გამოვლინდა.
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2015-2016 წლებში თბილისის გამწვანებაზე საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაში რიგი პრობლემები გამოავლინა.

საუბარია თბილისის მუნიციპალიტეტის „გამწვანების ღონისძიებების პროგრამის" შესრულებაზე იმ პერიოდში, როდესაც თბილისის მერი დავით ნარმანია იყო. ის არაერთხელ გააკრიტიკეს ბუნების დამცველებმა, ადანაშაულებდნენ ქალაქის მწვანე საფარის განადგურებაში. ნარმანია, თავის მხრივ, აცხადებდა, რომ თბილისის გამწვანების სამუშაოები წარმატებით ხორციელდება და მერიამ თითქმის მილიონი ხე დარგო.

დედამიწის დღე საქართველოში დასუფთავებით და გამწვანებით აღნიშნეს

შემოწმებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დარღვევებს დენდროლოგიური პარკისა და თბილისის ზღვის ტერიტორიის გამწვანების დროს, სადაც 398 ათასზე მეტი ხე და მცენარე დარგეს. აუდიტის სამსახურის მონაცემებით, გამარტივებული შესყიდვის განხორციელებით მერიამ დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.

ასევე აღნიშნულია მერიის არაეფექტური ხარჯები. გამწვანების სამსახურმა ამოთხარა მეტი ორმო, ვიდრე საჭირო იყო. ნერგების ნახევარზე მეტი გახმა ან საერთოდ არ არსებობს, ხოლო შეთანხმება გამხმარი ნერგების შეცვლას არ ითვალისწინებდა, ნათქვამია ანგარიშში.

აუდიტის სამსახური ამავე პერიოდში თბილისის მერიის გამწვანების სხვა პროექტებსაც შეეხო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რიგ შემთხვევებში, როდესაც ადგილი ჰქონდა დარღვევებს კონტრაქტორის მხრიდან, გამწვანების კომპანიამ სანქციების შესაძლებლობა არ გამოიყენა.

გარდა ამისა, რიგ შემთხვევებში მერია გამწვანებისთვის ტერიტორიას არ არჩევდა და ნერგებს გამგეობებს გადასცემდა, რის შედეგადაც ნერგების ძირითადი ნაწილი გახმა, ხოლო ბიუჯეტის სახსრები არაეფექტურად დაიხარჯა.

თბილისის ცენტრში ახალი სკვერი გაიხსნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოავლინა, რომ ონკოლოგიური ცენტრის მიმდებარედ გაშენებული ნარგაობის მნიშვნელოვანი ნაწილი გამხმარია ან აღარ არსებობს, რაც ნიშნავს, რომ გამწვანებისთვის გამოყოფილი სახსრები ტყუილად დაიხარჯა.

აუდიტის სამსახურის ანგარიში შესწავლისა და რეაგირებისთვის უკვე გადაეცა საქართველოს პროკურატურას.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყველა შენიშვნას გაითვალისწინებენ.

„არ უნდა დავივიწყოთ, რომ გამწვანება საკმაოდ რთული, სპეციფიკური მიმართულებაა და მისი ღონისძიებები მხოლოდ დარგვით არ შემოიფარგლება. თითოეულ ნარგავს სჭირდება სათანადო მოვლა-პატრონობა, რათა შედეგი იყოს რეალურად გამწვანებული გარემო", — აღნიშნა მერმა.

კალაძის განცხადებით, თბილისის მერია ყველაფერს აკეთებს, რათა გამოასწოროს უზუსტობები და გამწვანების სისტემა უფრო ეფექტური გახადოს.