„ციანიდის საქმემ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიაღწია

მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული ყოფილი დეკანოზი გიორგი მამალაძე ეცდება დაამტკიცოს სასამართლოზე, რომ კანონის ნორმები, რომლებიც მას ინფორმაციის გაუთქმელობას ავალდებულებს, კონსტიტუციას ეწინააღმდეგება
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისათვის მსჯავრდებული ყოფილი დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელს, რომელიც ინფორმაციის გახმაურების აკრძალვას ასაჩივრებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამალაძეს 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის სექტემბერში შეუფარდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 13 თებერვალს ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ის გასული წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ ილია მეორე იმყოფებოდა, რომელსაც, სხვებთან ერთად, შორენა თეთრუაშვილიც ახლდა. გამოძიების ინფორმაციით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.

სააპელაციო სასამართლომ მამალაძე პატიმრობაში დატოვა

დაკავების მომენტიდან პროკურატურის გამომძიებლებმა მამალაძის ადვოკატებს საქმის დეტალების გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი. სასამართლო სხდომები მედიისა და დაინტერესებულ პირთათვის დახურული იყო. ციხეში მამალაძეს შეეზღუდა პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრების უფლება. სწორედ ამ შეზღუდვებს ასაჩივრებენ მამალაძე და მისი ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოში.

მოსარჩელე განმარტავს, რომ კანონმდებლობით არ არის დადგენილი ის სტანდარტები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ გამომძიებლებმა და პროკურორებმა, როდესაც საქმე ინფორმაციის გახმაურების აკრძალვას ეხება, რაც მათ საკუთარი შეხედულებისამებრ მოქმედების შეუზღუდავ შესაძლებლობას აძლევს.

„შესაბამისად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმების საფუძველზე შესაძლებელია გამოძიებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება აეკრძალოთ, რაც მათი კონსტიტუციური უფლებების დარღვევას იწვევს“, — ნათქვამია სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, მამალაძე და მისი ადვოკატები მიიჩნევენ, რომ სსკ-ის 104-ე მუხლის 1 ნაწილი (პროკურორი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ გახდეს საჯარო. ამ მიზნით ის უფლებამოსილია სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე დაავალდებულოს, მისი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს საქმეში არსებული ცნობები, და გააფრთხილოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ) არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 14-ე მუხლს (ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა). 

მოსარჩელის თვალსაზრისით, სსკ-ის 104-ე მუხლის 1 ნაწილი ასევე არ შეესაბამება კონსტიტუციის 24-ე მუხლის 1-ლ და მე-4 პუნქტებს (ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიალური მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად).

მამალაძე ასევე მიიჩნევს, რომ სსკ-ის 104-ე პუნქტი არ შეესაბამება კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტს (ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია), კონსტიტუციის მე-40 მუხლის პირველ პუნქტს (ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით) და კონსტიტუციის 42-ე მუხლის 1-ლ, მე-3, მე-5 პუნქტის პირველ წინადადებას და მე-6 პუნქტს (ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. დაცვის უფლება გარანტირებულია. არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოწმეების ისეთსავე პირობებში გამოძახება და დაკითხვა, როგორიც აქვთ ბრალდების მოწმეებს).

გარდა ამისა, მამალაძე ასაჩივრებს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2 ნაწილს (მართლმსაჯულებისა და მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე, გამოძიებისა და საქმის სასამართლო განხილვის ნებისმიერ სტადიაზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება საქმის მონაწილეთა ან/და სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ პირთა მიმართ განსახილველი საქმის გარკვეული მონაცემების საჯაროდ გავრცელებისაგან დაცვის შესახებ. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიმართ (ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს).

2017 წლის ყველაზე გახმაურებული დანაშაულები საქართველოში

მამალაძის ადვოკატები ასევე ასაჩივრებენ სსკ-ის 182 მუხლს (სასამართლო სხდომის საჯაროობა) და მიიჩნევენ, რომ ის არ შეესაბამება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს (ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს).

ამასთან, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სსკ-ის 374-ე მუხლი (წინასწარი გამოძიების მონაცემის გახმაურება) არ შეესაბამება კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს (დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება), მე-18 მუხლის პირველ პუნქტს (ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია), 24-ე მუხლის პირველ და მეოთხე პუნქტებს (ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებით. ამ მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში ჩამოთვლილ უფლებათა განხორციელება შესაძლებელია კანონით შეიზღუდოს ისეთი პირობებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, ტერიტორიალური მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სხვათა უფლებებისა და ღირსების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად) და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებას (არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა).

ინფორმაციის გაჟონვა: მამალაძის საქმის მოსამართლე პროკურატურაში გამოიკითხა

დეკანოზი ასევე მიიჩნევს, რომ პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილი (ბრალდებული სარგებლობს 1 თვის განმავლობაში არა უმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე) და პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილი (პენიტენციური დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა და 1 თვის განმავლობაში სამჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა) არ შეესაბამება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს (ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს).