თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. გიორგი მარგველაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი ვერ გახდება, განაცხადა ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.
მარგველაშვილმა 2018 წლის შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა. ეს საქართველოს პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები იქნება.
„ოპოზიცია იყოფა სამ ნაწილად. ერთი არის ე.წ. პროდასავლური, სადაც პულსი ესინჯება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ნამსხვრევს „ევროპულ საქართველოს“. ბუნებრივია, თავისი წარსულიდან, თავისი ფუნდამენტური ღირებულებებიდან გამომდინარე, მათთან ვერ ითანამშრომლებს გიორგი მარგველაშვილი და მათი ლიდერი ვერ გახდება და არც ისინი მიიღებენ მას ლიდერად“, – განაცხადა ხუხაშვილმა ტელეარხ „პალიტრა ნიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.
ხუხაშვილის თქმით, მეორე ფრთა – ეს ევროსკეპტიკოსების ფრთაა, რომელსაც ასევე ვერ დაუკავშირდება მარგველაშვილი. არის კიდევ მესამე ფრთა, რომლებსაც ხუხაშვილმა „ნულოვანი პარტიები“ უწოდა. ეს ის პარტიებია, რომლებიც კვალიფიცირებული სუბიექტებიც ვერ გახდნენ.
კვალიფიციური სუბიექტია პარტია, რომელიც იღებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას, რადგან ბოლო საპარლამენტო ან ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩევლის ხმების მინიმუმ 3%-ზე მეტი მიიღო.
„ნულოვანი პარტიების“ გაერთიანებას და მათ ლიდერობას აზრი არა აქვს. ნული ასზე რომ გაამრავლო, მაინც ნულია. ეს არაფერს მოუტანს გიორგი მარგველაშვილს, პირიქით, უფრო დააზიანებს“, – მიიჩნევს ხუხაშვილი.
რაც შეეხება იმას, რომ ზეპარტიული კანდიდატი გახდეს, ექსპერტის აზრით, მარგველაშვილმა ეს შანსი გაუშვა.
„ამისთვის მას სჭირდება ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა. მან ვერ მოახერხა სამოქალაქო საზოგადოებასთან კომუნიკაციის აგება. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნდობის ხარისხი მაღალია… ამომრჩეველი არჩევანს ნდობის მხრივ არ აკეთებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ამომრჩეველმა ძალის ცენტრი დაინახოს. ის არ ასხივებს ძალას და არ არის ძალის ცენტრი“, – მიაჩნია გია ხუხაშვილს.
ექსპერტის მოსაზრებით, პრეზიდენტს რომ თავიდანვე მოეხდინა სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდირება თავის გარშემო, შეძლებდა ხელისუფლებისთვის სერიოზული დისკომფორტის შექმნას და აჩვენებდა თავს, როგორც ნამდვილი მებრძოლი და დღეს უფრო ძლიერი იქნებოდა.
მარგველაშვილი ახლა დილემის წინაშე დგას – დარჩეს პოლიტიკაში თუ თავისთვის კომფორტულ საზოგადოებრივ პლატფორმაში გადაინაცვლოს, აღნიშნა ხუხაშვილმა.
როდის წამოაყენებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პრეზიდენტობის კანდიდატს, ჯერჯერობით უცნობია. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ მმართველ პარტიას აშკარა უპირატესობა აქვს რესურსების კუთხით და, შესაბამისად, ვინც არ უნდა წარმოადგინოს მან, მათი კანდიდატის გამარჯვების შანსი დიდია.
განახლებული კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს 2018 წელს მოქალაქეები ექვსი წლით აირჩევენ. შემდეგ უკვე ქვეყნის პრეზიდენტის არჩევა საარჩევნო კოლეგიის კომპეტენცია იქნება.
მარგველაშვილსა და მმართველ პარტიას შორის განხეთქილება უკვე 2013 წელს დაიწყო, როცა მან უარი განაცხადა პრეზიდენტის სასახლის დატოვებაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აშენდა. დაპირისპირება საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო დაიძაბა.