„აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინდექსში საქართველომ მოლდოვას დაუთმო

Eastern Partnership Index-ის კვლევაში დასახელებულია ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით საქართველოს ხელისუფლების მუშაობის ძირითადი მიმართულებები.
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ინდექსში საქართველომ მოლდოვას დაუთმო და მეორე ადგილი დაიკავა, ნათქვამია Eastern Partnership Index-ის ვებ-გვერდზე გავრცელებულ ანგარიშში.

პრემიერი: საქართველო ლიდერია რეგიონში დემოკრატიის აღმშენებლობის კუთხით

ანგარიში მოიცავს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი ქვეყნების (აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) მიღწევების შედარებით ანალიზს. ის პოსტსაბჭოთა სივრცის ექვსი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისკენ გზას ასახავს და მოიცავს პერიოდს 2015 წლის მარტიდან 2016 წლის დეკემბრამდე.

ქვეყნების კვლევა ორი კრიტერიუმით ფასდებოდა. პირველი —  „დაახლოება" (დემოკრატია და ადამიანის უფლებები, ევროკავშირთან ინტეგრაცია, მდგრადი განვითარება), სადაც საქართველოს მაჩვენებელი 0,67 ქულაა. მეორე კრიტერიუმი —  „ურთიერთკავშირი" (საერთაშორისო უსაფრთხოება, პოლიტიკური დიალოგი და თანამშრომლობა, სექტორების კოოპერაცია და სავაჭრო თანამშრომლობა, ევროპაში ქვეყნის მოქალაქეები), სადაც საქართველოს მაჩვენებელი 0,66 ქულაა.

აღნიშნულ რეიტინგში საქართველომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სხვა ქვეყნები განათლებისა და კულტურის, კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან ბრძოლის, სატრანსპორტო პოლიტიკის, საბაზრო და თავისუფალი ვაჭრობის მაჩვენებლებით უკან ჩამოიტოვა.

ანგარიშში მითითებულია საქართველოს მთავარი გამოწვევები 2018 წელს. აღნიშნულ ჩამონათვალში პირველია კონსტიტუციური ბალანსისა და კონტროლის შენარჩუნება, ასევე 2017 წლიდან კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების თანახმად ხელისუფლების განაწილების შენარჩუნება და ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფა.

მეტი ვაჭრობა და რეფორმები - რაზე ისაუბრეს კვირიკაშვილმა და მოგერინიმ

მეორე გამოწვევა — 2018 წელს თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვა, ხოლო მესამე — მასობრივი საინფორმაციო საშუალებების სარედაქციო სტანდარტების დამოუკიდებლობის ამაღლება.

2009 წელს საქართველო ევროკავშირის პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" წევრი გახდა, რომელიც ევროკავშირთან ექვსი ქვეყნის — აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, მოლდოვას, უკრაინისა და ბელარუსის პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ დაახლოებას ითვალისწინებს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის" ბოლო სამიტი 2017 წლის 24 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართა, სადაც განიხილეს რეფორმებისა და პროგრამების იმპლემენტაციის საკითხები, რომლებსაც ითვალისწინებს პროგრამა, რომელიც წარმატებით განხორციელდა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ძალისხმევით, და ასევე სამომავლო ნაბიჯები, რომელიც პროექტის ფარგლებში განხორციელდება.

2014 წლის ივნისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის ფარგლებში საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. გასული წლის 28 მარტიდან კი ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ვიზები გააუქმა.

საქართველო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისთვის კანონმდებლობას გაამკაცრებს

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონის (DCFTA) შესახებ. დოკუმენტი მოიცავს სატარიფო და არასატარიფო ბარიერების მოხსნასა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრის მოგვარებას.

თებერვლის დასაწყისში ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოციაციის საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ საქართველო შეაქო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების წარმატებით შესრულებაში და ამასთან შეახსენა მედიის თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მნიშვნელობის შესახებ.