ბულგარეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა შავ ზღვაში ნავთობპროდუქტები ჩაღვარა

გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს, დაკისრებული საჯარიმო სანქციებისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ბულგარეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ნავთობპროდუქტების შემცველი წყლებით შავი ზღვა დააბინძურა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

რატომ იღუპებიან შავ ზღვაში დელფინები: სპეციალისტის აზრი

„გემის კაპიტანის მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 582-ე მუხლის მე-7 ნაწილით, ერთობლივი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა“, — ნათქვამია განცხადებაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გემის კაპიტანს 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა, სამართალდამრღვევი ასევე ვალდებულია გარემოსთვის მიყენებული ზარალი — 1078 ლარი აანაზღაუროს.

უწყების ინფორმაციით, გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს, დაკისრებული საჯარიმო სანქციებისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.