თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრებმა ოფენბახში ევროპის ერთა თასის ფარგლებში გერმანიის ნაკრები ანგარიშით 64:0 გაანადგურა.
მილტონ ჰეიგის აღსაზრდელები სრულ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქის ზონაში მათ შვიდი ლელო დადეს. მათი ავტორებია: ანტონ ფეიქრიშვილი, მიხეილ გაჩეჩილაძე, ოთარ გიორგაძე, ზურაბ ჟვანია, ლაშა ხმალაძე და გიორგი კვესელაძე, რომლის ანგარიშზე ორი ლელოა.
შვიდიდან ექვსი გარდასახვა ბექა წიკლაურმა შეასრულა.
დღემდე საქართველოს და გერმანიის ნაკრებები ექვსჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ყველა შემთხვევაში გამარჯვებას ქართველი მორაგბეები ზეიმობდნენ. დღევანდელი წარმატება სხვა გამარჯვებებისგან იმით განსხვავდება, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გერმანიის მორაგბეებმა ვერცერთი ქულა ვერ მიითვალეს.
აღსანიშნავია, რომ ევროპის ერთა თასის ამჟამინდელი გათამაშების პირველ თამაშში საქართველოს ნაკრებმა ბელგიას ასევე მშრალად მოუგო — 47:0.
ტურნირის ფარგლებში მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები თბილისში მიხეილ მესხის სტადიონზე 3 მარტს ესპანეთის გუნდის წინააღმდეგ გამართავს. თამაში ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დაიწყება.
თასის მოქმედი მფლობელი რუმინეთის ნაკრებია, რომელმაც საქართველოს გეგემონია გაწყვიტა, რომელიც თასს ექვსი წლის განმავლობაში ზედიზედ იგებდა.