უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაცია: GIPA-ს პრობლემები შეექმნა

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ერთ-ერთ საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაცია შეუჩერდა, კიდევ ერთის - კითხვის ნიშნის ქვეშ დგას
Sputnik

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საგანმანათლებლო პროგრამამ „სამართალი“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კომისიის ექსპერტების ნეგატიური შეფასება დაიმსახურა და აკრედიტაციის გარეშე შეიძლება დარჩეს. GIPA-ს რექტორი ადრე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იყო.

GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანის, ბაკურ კვაშილავას თქმით, ექსპერტებმა ერთ-ერთ კრიტერიუმად, რომლის მიხედვით პროგრამა დადგენილ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, ბიბლიოთეკის მოშორებული მდებარეობა დაასახელეს, რის გამო სტუდენტებს წიგნებით სარგებლობა უჭირთ.

კვაშილავამ აღნიშნა, რომ კომისიის ექსპერტთა დასკვნის დიდი ნაწილი ნეგატიურია და რეალობას არ შეესაბამება. 

თბილისის ორ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას ავტორიზაცია შეუჩერდა

შეძლებს თუ არა აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტაციის გავლას, ცნობილი მომავალ კვირაში გახდება.

დეკანმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ის განცხადება გაიხსენა, რომ უნივერსიტეტების რაოდენობა 25-მდე შემცირდება და არ გამორიცხა, რომ აღნიშნული პროცესები შეიძლება სწორედ ამას უკავშირდებოდეს.

აკრედიტაციის პრობლემები აქვს GIPA-ს სხვა საგანმანათლებლო პროგრამასაც — საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამას. კომისიის ექსპერტთა თმით, ის არ აკმაყოფილებს არსებულ სტანდარტებს და ამიტომ მას ჩამოერთვა აკრედიტაცია.

ინსტიტუტმა კომისიის ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და განაცხადა, რომ პროგრამა ხუთიდან ოთხი პუნქტის მიხედვით შეესაბამება სტანდარტებს, ხოლო ერთი პუნქტით — ნაწილობრივ. GIPA-ში ამტკიცებენ, რომ კანონის მიხედვით ასეთი დასკვნა ნიშნავს, რომ პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე GIPA-ს კრიტიკას არ ეთანხმება და უნივერსიტეტების რიცხვის შემცირების მცდელობის შესახებ თვალსაზრისს აბსურდულს უწოდებს.

„თუ არსებობს ბრალდებები, მათ სერიოზული არგუმენტები უნდა გააჩნდეთ, რომლებიც მათ არ აქვთ და არც ექნებათ, იმიტომ რომ ეს აბსოლუტური აბსურდია ასეთი საკითხების შეხება“, — განაცხადა სანიკიძემ.

ორივე პროგრამამ რეაკრედიტაცია უნდა გაიაროს, აღნიშნა მან.

„აი ნათელი მაგალითი — დაწესებულება GIPA-მ განაცხადების შეტანა სამი თვით დააგვიანა, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ მათთან ძალიან კარგი სამუშაო ურთიერთობა გვაქვს, აკრედიტაციის ეს პროცესი ჩვენ მაქსიმალურად უმოკლეს ვადებში განვახორციელეთ“, — ხაზგასმით აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.

სხვათა შორის, სანიკიძესთვის GIPA-ს საქმიანობა კარგად არის ნაცნობი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ის GIPA-ში სწავლობდა და სახელმწიფოს მართვის საფუძვლები შეისწავლა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ის GIPA-ს ფინანსური მენეჯერი გახდა.

განცხადება GIPA-ს რექტორმა მაკა იოსელიანმაც გააკეთა, რომელიც აღნიშნავს, რომ მიმდინარე მოვლენები წარმოადგენს ღია დიალოგს GIPA-სა და განათლების იმ უწყებებს შორის, რომლებიც ხარისხის უზრუნველყოფასა და განვითარებას ემსახურებიან. შესაბამისად, ეს პროცესი დროული და მიზანშეწონილია.

ერთი 250 ათასიდან: ქართველი სტუდენტი სტაჟირებას Facebook-ში გაივლის

„ევროპული სტანდარტის აკრედიტაციის და ავტორიზაციის პროცესი, არის ის მიმართულება, რომელსაც GIPA სრულად უჭერს მხარს და მეტიც, GIPA თავისი არსებობის განმავლობაში, ამ სტანდარტის დამკვიდრებას და განვითარებას უწყობს ხელს. 90-იანი წლების დასაწყისში GIPA გახლდათ ის ინსტიტუცია, რომელმაც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პირველმა შემოიტანა დასავლური სწავლების ხარისხი და ღირებულებები“, — ნათქვამია განცხადებაში.

ინსტიტუტის რექტორმა აღნიშნა, რომ დაინტერესებულია, დიალოგი გადავიდეს კონსტრუქციულ და შედეგზე ორინეტირებულ ფორმატში, რისთვისაც ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდა თავი შეიკავოს არაკორექტული და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისგან.

„სამწუხაროა, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ ზიანი მიაყენონ არა მარტო GIPA-ს, არამედ დიალოგის პროცესს“, — აღნიშნულია რექტორის განხცადებაში.

მაკა იოსელიანმა თავის განცხადებაში მიმართა განათლების ყოფილ მინისტრ დიმიტრი შაშკინს და უსაყვედურა მას, რომ მისი მმართველობის დროს GIPA-ში შევიწროვების და შეზღუდვის პერიოდი იყო. სწორედ აღნიშნული შეზღუდვის შედგეგად გადადგა 2006 წელს, უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორი, გიორგი მარგველაშვილი, აღნიშნა იოსელიანმა.

გიორგი ძაძამია - 21 წლის სტუდენტის მიერ მიღწეული წარმატების ისტორია

ინსტიტუტის რექტორმა ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარგველაშვილი GIPA-ში დაბრუნებას აპირებს.

განათლების სამინისტროში GIPA-ს აკრედიტაციასთან დაკავშირებით განცხადებები ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

GIPA 1994 წელს დააარდა და სხვადასხვა მიმართულებით საბაკალავრიო და სამაგისტრო პროგრამებს სთავაზობს. ინსტიტუტმა საქართველოში პირველი ინგლისურენოვანი რადიო GIPA გახსნა.

GIPA-ში ოთხი სკოლა და ორი დეპარტამენტი ფუნქციონირებს: მმართველობის სკოლა; კავკასიის ჟურნალისტიკის და მედია-მენეჯმენტის სკოლა; სამართლისა და პოლიტიკის სკოლა; სოციალურ მეცნიერებათა სკოლა; კვლევის დეპარტამენტი; საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი.