თბილისის სასულიერო აკადემია სკანდალში გაეხვა

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭომ სასწავლებლის კურსდამთავრებულების ბრალდებებს სიცრუე უწოდა
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს მას შემდეგ მოუწია თავის მართლება, რაც ყოფილმა სტუდენტებმა სასწავლებელში თითქოსდა არსებული განუკითხაობის შესახებ ხმამაღალი განცხადება გააკეთეს.

გასულ კვირაში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის კურსდამთავრებულთა ჯგუფმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და წმინდა სინოდის წევრებს მიმართა ღია წერილით, რომელშიც ამ სასწავლებელში მიმდინარე მოვლენებზე რეაგირებას სთხოვდა. კურსდამთავრებულები ამტკიცებენ, რომ იქ აშინებენ სტუდენტებს, შეურაცხყოფენ და ფიზიკურ ძალადობასაც იყენებენ.

წერილის თანახმად, სასწავლებლის რექტორი ზვიადაძე ფინანსებს საკუთარი ინტერესებით განაგებს, სამეცნიერო საბჭო ფიქტიურად არსებობს, სხვადასხვა თანამდებობაზე არაკომპეტენტურ ადამიანებს ნიშნავენ, არ არსებობს სტუდენტური თვითმმართველობა, დიპლომები ნაცნობობით რიგდება, სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში კი სრული ანტისანიტარია სუფევს.

„სასულიერო აკადემია არის უშუალოდ პატრიარქის ყურადღების ქვეშ. მე არ შემიძლია იმაზე ვისაუბრო, თუ რაში სჭირდებათ სტუდენტებს ეს ყველაფერი, თუ არ არსებობს გარკვეული ჯგუფი, რომელიც არის დაინტერესებული, მოახდინოს დესტაბილიზაცია. ძალიან მარტივია ყველაფრის გარკვევა. რადგან სკოლა ეკლესიის წიაღშია შექმნილი, წარმოუდგენელია იქ რაიმე ძალადობას ჰქონდეს ადგილი“, – განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.

სააპელაციო სასამართლომ მამალაძე პატიმრობაში დატოვა

მისი თქმით, სასულიერო აკადემია მაღალი დონის საღვთისმეტყველო, სამეცნიერო დაწესებულებაა, რომელსაც თავისი მიზნები გააჩნია.

„აკადემია გააგრძელებს თავის საქმიანობას, რომელიც დაკისრებული აქვს პატრიარქისა და მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ. როდესაც პატრიარქმა აკადემია გახსნა, მან თქვა, რომ ჩვენ არ უნდა მოვწყდეთ ჩვენს ფესვებს. ეს აკადემია უნდა გახდეს სამეცნიერო ცოდნის და რწმენის ადგილი და თბილისის სასულიერო აკადემია ამ ამოცანების ერთგულია“, – განაცხადა ზვიადაძემ.

განცხადება სასულიერო აკადემიის საბჭომაც გაავრცელა, რომლის თანახმად ბოლო წლებში მიმდინარეობს მიზანმიმართული ბრძოლა რექტორ ზვიადაძის წინააღმდეგ, სასწავლებლის, მისი სამეცნიერო საბჭოს, პროფესორ-მასწავლებელთა დისკრედიტაცია.

„სამწუხაროა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ასე აქტიურად არიან ჩართულნი ამ კამპანიაში, არ უნდათ დანახვა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წინსვლისა, იმ დიდი ძალისხმევისა, რომელსაც ეწევა რექტორი, სამეცნიერო საბჭო და პედაგოგიური კოლექტივი სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვის სტუდენტთა ცოდნის დონის ასამაღლებლად“, — ნათქვამია განცხადებაში.

სასწავლებლის სამეცნიერო საბჭომ კურსდამთავრებულთა ბრალდებებს ცილისწამება უწოდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბჭოში შედიან სასულიერო და სამოქალაქო პირები, თეოლოგიის დოქტორები და პროფესორები, რომლებსაც საზოგადოება კარგად იცნობს. ესენი არიან მაღალზნეობრივი ფასეულობების ადამიანები, რომელთათვის მსგავსი რამის დაბრალება შეუძლებელია.

„ჩვენ, ამ განცხადების ხელისმომწერნი, უაღრესად შეურაცხყოფილნი ვართ ამ ცილისმწამებლური კამპანიით და ვაცხადებთ, რომ ის წარმატებები, რომლებსაც მიაღწია სასწავლებელმა მამა გიორგი ზვიადაძის რექტორობის პერიოდში, არის საუკეთესო არგუმენტი ამ ბრალდებათა გასაბათილებლად, მათი უსაფუძვლობის დასადასტურებლად“, — ნათქვამია განცხადებაში.

მსჯავრდებულთა შეწყალება თანხის სანაცვლოდ: საპატრიარქო ახალ სკანდალში გაეხვა

საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ სწყინთ, რომ ცილისწამებით დაკავებული ადამიანები სწავლობდნენ სასწავლებელში, რომელიც მოწოდებულია აღზარდოს ღრმა საღვთისმეტყველო განათლების მქონე სასულიერო პირები. განცხადებას ხელს აწერს სასულიერო აკადემიის საბჭოს 36 წევრი.

კომენტარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომაც გააკეთა.

„პატრიარქი ამ მოვლენას იცნობს, როგორც იცით, აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წერილი იყო, რომელიც შედგება პატივცემული  და დიდი მეცნიერებისგან, ეს წერილი ჩვენთვის ძალიან საგულისხმოა… საბჭოს წევრები არიან თვითმხილველები და ისინი ამბობენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება“, — განაცხადა მეუფე შიომ.