თბილისი, 15 თებერვალი —Sputnik. ქართველი მსახიობის ლეილა აბაშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
88 წლის მსახიობი 10 დღის წინ თავის ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზით, ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
ლეილა აბაშიძე 1929 წლის 1 აგვისტოს თბილისში დაიბადა. იგი პირველად ეკრანზე 1941 წელს გამოჩნდა ფილმში „ქაჯანა“, სადაც კატოს როლი შეასრულა. იმ დროს მომავალი კინოვარსკვლავი მხოლოდ რვა წლის იყო. პირველ როლს მალე მეორე და მესამეც მოჰყვა („ოქროს ბილიკი“, 1945 წ. და „აკაკის აკვანი“, 1947 წ.).
1951 წელს ლეილა აბაშიძემ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა. სტუდენტობის პერიოდში გადაიღეს ფილმებში „ქეთო და კოტე“ და „გაზაფხული საკენში“. მან განუმეორებელი როლები შექმნა, საყოველთაო აღიარება მოუტანა კომედიური ხასიათის როლებმა ფილმებში „ჭრიჭინა“ (მარინე, 1954) და „აბეზარა“ (ლია, 1957). ფილმმა „ჭრიჭინა“ უამრავი ქვეყნის ეკრანები მოიარა და მსახიობს დიდი წარმატება ხვდა წილად.
ნატო ვაჩნაძის შემდეგ ლეილა აბაშიძე ყველაზე პოპულარული ქართველი ვარსკვლავი გახდა. მან კომედიურ როლებთან ერთად სრულიად განსხვავებული სახეები და ტიპაჟები განასახიერა – ლელა („ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, 1954), მანანა („ჩვენი ეზო“, 1956), მაია („მაია წყნეთელი“, 1959), მზია („სად არის შენი ბედნიერება, მზია?“, 1959), ძიძია („ხევისბერი გოჩა“, 1964), ნინო („შეხვედრა წარსულთან“, 1966), ლალი-მზევინარი („შეხვედრა მთაში“, 1966), ვარდისახარი („დიდოსტატის მარჯვენა“, 1969), ქეთევანი („მოლოდინი“, 1969).
2009 წლის 8 მარტს თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ ლეილა აბაშიძის ვარსკვლავი გაიხსნა.
მსახიობს მიღებული აქვს არაერთი პრიზი. არის საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958), საქართველოს სახალხო არტისტი (1965), ჩეჩნეთ-ინგუშეთის სახალხო არტისტი (1964), თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).