თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ბავშვთა შორის ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადება ლიმფოკვანძების კიბოა, აღნიშნულია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პრეს–სამსახურის განცხადებაში.
მსოფლიოში 15 თებერვალს ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღე (International Childhood Cancer Day) აღინიშნება. ეს დღე 2001 წლის სექტემბერში ლუქსემბურგში, კიბოთი დაავადებული ბავშვების მშობლების ორგანიზაციის საერთაშორისო კონფედერაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე გამოცხადდა. ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების საერთაშორისო დღე პირველად 2002 წელს აღინიშნა.
ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღის ძირითადი გზავნილია — „უკეთესი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა კიბოს დიაგნოზის მქონე ნებისმიერი ბავშვისა და მოზარდისთვის მსოფლიოში“.
ვითარება საქართველოში
13–დან 18 წლამდე მოზარდების ჯგუფში რეგისტრირებული ონკოლოგიური დაავადებების 52% ლიმფოიდური, ჰემოპოეზური და მონათესავე ქსოვილების კიბოზე მოდის, რომელსაც მოსდევს ნერვული სისტემის ონკოლოგიუირ დაავადებები 20%.
2016 წელს საქართველოში 14 წლამდე ბავშვებში კიბოთი დაავადების 90 ახალი შემთხვევა გამოვლინდა; ამავე წელს 15–დან 19 წლამდე მოზარდებში – 42 ახალი შემთხვევა.
საქართველოში სახელმწიფო აფინანსებს ქიმიოთერაპიას, ჰორმონოთერაპიას, ასევე ქირურგიულ მკურნალობას იმ სამედიცინო პაკეტის მიხედვით, რომლითაც პაციენტი სარგებლობს. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება და ამის შემდეგ გამოიყოფა გარკვეული თანხა.
ვითარება მსოფლიოში
კიბოს შემსწავლელი საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, 2015 წელს მსოფლიოში 15 წლამდე ბავშვებში კიბოს 215 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა; ხოლო 15–19 წლის მოზარდებს შორის – 85 ათასი ახალი შემთხვევა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ონკოლოგიური დაავადებების ყველა ახალი შემთხვევა არ რეგისტრირდება.
ბავშვებში გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავდებათა თითქმის ერთ მესამედს ლეიკემია წარმოადგენს, რომელსაც სიხშირის მიხედვით მოსდევს ლიმფომები და ცენტრალური ნერვული სისტემის ონკოლოგიური დაავადებები. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე ტიპის კიბო ძირითადად მხოლოდ ბავშვთა ასაკში გვხვდება, მაგალითად, ნეირობლასტომა, ნეფრობლასტომა, მედულობლასტომა და რეტინობლასტომა.
ბავშვებში დიდ იშვიათობას წარმოადგენს ძუძუს, ფილტვების, მსხვილი ან სწორი ნაწლავების კიბო.
ბავშვებში სიმსივნის გამომწვევი მხოლოდ რამდენიმე ფაქტორია იდენტიფიცირებული, რომელსაც გენეტიკური ფაქტორი და მუცლადყოფნის პერიოდში მაიონიზებელი გამოსხივება მიეკუთვნება. კვლევები გვაჩვენებს, რომ ისეთმა ვირუსებმა, როგორებიცაა ეპშტენ–ბარის (Epsten-Barr), ჰეპატიტ B–ს და ადამინის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) შესაძლოა გაზარდონ პედიატრიული ონკოლოგიური დაავადებების რისკი.
რეკომენდაციები
ორგანიზაცია „ბავშვთა კიბოს საერთაშორისო გაერთიანების“ – 188 წევრი ორგანიზაცია 96 ქვეყნიდან და პედიატრიული ონკოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების (International Society of Paediatric Oncology – SIOP) სამედიცინო მომსახურების 1000 პროფესიონალი 110 ქვეყნიდან გაერთიანდა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და მოზარდების სოლიდარობის მიზნით. ისინი მოუწოდებენ ყველას თანადგომისკენ, რათა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ამ ბავშვებს თანაბარი შანსი ჰქონდეთ დაამარცხონ კიბო და იცხოვრონ ხანგრძლივად და ხარისხიანად.
შემთხვევები, როდესაც დიაგნოზს „კიბო“ პროფილაქტიკური გასინჯვისას სვამენ, ერთეულია. სწორედ ამიტომ სპეციალისტები ურჩევენ მშობლებს, ჩაუტარონ რეგულარული სამედიცინო შემოწმებები და გამოკვლევები ბავშვებს. ასევე, მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვში უჩვეულო ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენას, რომლებიც შეიძლება სიმსივნის ან სიმსივნური წარმონაქმნის ნიშანი იყოს – კანის უფერულობა, ხშირი დაღლილობა, სილურჯეების აუხსნელი გამოჩენა, ტკივილი ან კოჭლობა, ასევე მაღალი ტემპერატურა დიდხანს, ხშირი თავის ტკივილები და ღებინება, მხედველობის მოულოდნელი გაუარესება, სწრაფი გახდომა.