უფლებადამცველები სთხოვენ ევროკავშირს საქართველოში დასაქმებულები დაიცვას

უფლებადამცველები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის კანონპროექტით გათვალისწინებული მცირე ჯარიმები შედეგს არ გამოიღებს
Sputnik

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროკომისარებს თხოვნით მიმართეს, სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებაზე მუშაობაში ხელისუფლებასთან ერთად ჩაერთონ.

საქართველოს პარლამენტში განიხილება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონის პროექტი, რომელიც სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების წესების გამკაცრებას და კონტროლის სპეციალური მექანიზმის შემოღებას ითვალისწინებს, თუმცა კანონი ჯერჯერობით მიღებული  არ არის.

„ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუციებისათვის კარგად არის ცნობილი საქართველოში არსებული სუსტი შრომის პოლიტიკის შესახებ, რომლის შედეგადაც დასაქმებულები ღირსების შემლახავ სამუშაო პირობებში არამდგრად, დაბალანაზღაურებად და დაუცველ შრომას ეწევიან. ხოლო იმ ობიექტებზე სადაც განსაკუთრებულად მაღალია დასაქმებულების დაზიანებისა და დაღუპვის რისკი, ფატალურ საწარმოო შემთხვევებს ყოველ კვირას აქვს ადგილი“, — ნათქვამია წერილში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ვებგვერდზე გავრცელდა.

აქცია თბილისის ცენტრში - მომიტინგეები შრომის პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ

კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანს, ევროკომისარს სოციალურ საკითხებში მარიანა ტისენს, ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომს. 

უფლებადამცველემის მტკიცებით, მხოლოდ 2011-2016 წლებში, საქართველოში სამუშაო ადგილებზე 1046 ადამიანი დაიღუპა ან დაშავდა. ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება.

წერილის თანახმად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაში ასახული ვალდებულების ფონზე, საზოგადოებაში არსებობდა მოლოდინი, რომ სახელმწიფოს შემდგომი ნაბიჯი იქნებოდა ადეკვატური და რეალურად შეუწყობდა ხელს შრომის უსაფრთხოების, მათ შორის შრომის უფლებების დაცვას სამუშაო ადგილებზე. 

უფლებადამცველთა თქმით, შემუშავებული კანონპროექტი გარკვეული პოზიტიური ნორმების მიუხედავად, არ მოიცავს საკმარის მექანიზმებს, რაც დაარწმუნებდა არასამთავრობო ორგანიზაციას და საზოგადოების ნაწილს მთავრობის ნებაში რეალურად დაიცვას დასაქმებულები სამუშაო ადგილებზე. 

„გამოვთქვამთ იმედს, ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურები მჭიდრო კოორდინაციაში იქნებიან საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან, რათა კანონპროექტის მიღება პასუხობდეს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და ევროკავშირსა და საქართველოს ასოცირების შეთანხმების პირობებს“, — ნათქვამია წერილში.

არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კანონპროექტის თანახმად, კონტროლის გამკაცრება ვრცელდება არა ყველა სამუშაო ადგილზე, არამედ მხოლოდ „მომეტებული საფრთხის“, განსაკუთრებით მძიმე პირობების მქონე სამუშაო ადგილებზე. უფლებადამცვლების თქმით, ეს გაუმართლებელ შეზღუდვას გულისხმობს და შრომის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების არასწორ ინტერპრეტაციას ემყარება.

აფეთქება ხარაგაულში, სარკინიგზო გვირაბში – არიან დაშავებულები

არსამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ კანონპროექტი სამუშაო ადგილზე შრომის ინსპექტორების უპირობო დაშვებას ზღუდავს. მათ გეგმიური კონტროლის განხორციელების უფლება აქვთ, ხოლო მოულოდნელი კონტროლის განხორციელებისთვის მათ  სასამართლოს უნდა მიმართონ, რაც დამატებით დროით რესურსს მოითხოვს და დაუყოვნებელი და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობას ამცირებს.

იქვე აღნიშნულია, რომ კანონპროექტი სანქციების სახით ჯარიმის მინიმალურ ოდენობებს განსაზღვრავს, რაც დასახული მიზნის მიღწევას შეუძლებელს გახდის. დარღვევის გამოსწორების ნაცვლად დამსაქმებლებს მცირე ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ.

წერილს ხელს აწერენ: „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); „ახალგაზრდა სოციალისტები“ (YSG); „სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი“ (SNWC); „საქართველოს პროგრესული ფორუმი“ (GPF); ანალიტიკური პლატფრომა European.ge.

კანონპრექტზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მაისში ტყიბულის ნახშირმომპოვებელ მაღაროში ოთხი მუშა დაიღუპა. საზოგადოების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ალაპარაკდნენ შრომის პირობებზე კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე, განსაკუთრებით საშიშ წარმოებაში.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2007-2016 წლებში საწარმოო ტრავმებისგან 416 ადამიანი დაიღუპა.