საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასზე ავსტრიის გუნდს მოუგო

ქართველმა ჩოგბურთელმა ქალებმა ტურნირის ევრო-აფრიკული ზონის პირველ ჯგუფში ადგილი შეინარჩუნეს
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასის ფარგლებში ავსტრიის გუნდს ანგარიშით 2:1 მოუგო.

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ფედერაციის თასზე კვლავ დამარცხდა

პირველები ტალინის „საჩოგბურთო ცენტრის“ კორტებზე გამოვიდნენ სოფია შაფათავა (343) და იულია გრაბერი (244). წინა დღეებისგან განსხვავებით ქართველმა სპორტსმენმა ხარისხიანი ჩოგბურთი აჩვენა და სამ სეტში დამსახურებლად მოიგო — 6:3, 4:6, 6:4.

მეორე მატჩში ქართული გუნდის ლიდერმა ეკატერინე გორგოძემ (326) დაძაბულ ბრძოლაში ბარბარა ჰაას (177) დაუთმო — 6:7, 6:2, 3:6.

არამხოლოდ ამ კონკრეტული მატჩის, არამედ მომდევნო სეზონში ნაკრებთა ადგილმდებარების ბედი წყდებოდა წყვილების შეხვედრაში, რომელშიც კალაშნიკოვა/შაფათავას დუეტი გრაბერ/ჰაასის ტანდემს უპირისპირდებოდა.

პირველ სეტში ქართველმა გოგონებმა ანგარიშით 6:4 მოიგეს. მეორე პარტიაში ავსტრიელებმა მობილიზება შეძლეს და ანგარიშით 6:3 მოიგეს. თუმცა, გადამწყვეტ სეტში კალაშნიკოვა-შაფათავამ მეტოქეების ჩაწოდება ორჯერ აიღეს, რამაც სეტში გამარჯვება 6:2 განაპირობა და ასევე მატჩშიც — 2:1.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა შეინარჩუნა ადგილი ტურნირის ევრო-აფრიკული ზონის პირველ ჯგუფში, სადაც ასპარეზობას მომდევნო სეზონში გააგრძელებს.