მკვლელობის მომზადება თუ ცილისწამების მსხვერპლი - რისთვის ასამართლებენ ირანელს თბილისში

ბრალდებულის ადვოკატი მის უდანაშალულობაზე და ცილისწამებაზე საუბრობს
Sputnik

თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. თბილსის საქალაქო სასამართლომ ირანის მოქალაქე ალი რეზა სულეიმან პაკის, რომელსაც თავისი თანამემამულის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად, პატიმრობა შეუფარდა, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ სასამართლოს პრესსამსახურში.

სამართალდამცველებმა ალი რეზა სულეიმან პაკი გასულ კვირას თბილისსი, ლერმონტოვის ქუჩაზე დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, 5 500 დოლარის სანაცვლოდ ის ირანის მოქალაქის ბაჰიდ ებადის მოკვლას აპირებდა. 

თბილისში ირანის მოქალაქე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს

„სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის აღკვეთის ზომის შეფარდების თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობა სამართლებრივ საფუძვლებს ეყრდნობოდა და საქმეში არსებული სამხილები არგუმენტირებული იყო“, — განუცხადა ჟურნალისტებს თეა გიორგაძემ.

სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს დაკავებულის ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი. მისი თქმით, საქმეში არ არსებობს პირდაპირი სამხილები, რომლებიც ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მკვლელობას ამზადებდა. 

„ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა უკანონო და დაუსაბუთებელია. ბრალდების მხარე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავება განზრახ მკვლელობის მომზადებას. განზრახ მკვლელობის მომზადებას უნდა ახასიათებდეს გარკვეული ქმედებები. მოცემულ შემთხვევაში არც ერთი წერილობითი დოკუმენტი, არც ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეოჩანაწერები არ მიუთითებენ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა რაიმე ქმედება განახორციელა, არა თუ ამ საქმეში დაზარალებულის, რომელიც თითქოს უნდა მოეკლათ, არამედ ზოგადად ბუნებაში არავის მიმართ. ასეთი დოკუმენტი არ არსებობს არც წერილობითი და მით უმეტეს არც ფარული ვიდეო გადაღების“, — განაცხადა მურმანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

შსს-მ ნარკოტიკებთან ბრძოლის კუთხით ანგარიში წარადგინა

ადვოკატის თქმით, დაკავებულს საქართველოში ბიზნესი აქვს, რომლის წართმევა სურთ და ვიღაცამ სპეციალურად გაავრცელა ისეთი ინფორმაცია, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის იმიჯს ზიანს აყენებს. მურმანიშვილის განცხადებით, ეს პირი საქმეში დაზარალებულის სტატუსით ფიგურირებს.

„ეს ვიღაც კი არის ის, ვისაც ბრალდება დაზარალებულად მიუთითებს. ხოლო, ბრალდების მხარის აპელირება, თითქოს განზრახ მკვლელობის მომზადებას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გეგმავდა შურისძიების მოტივით, არის თითიდან გამოწოვილი და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება“, – აცხადებს ადვოკატი.

ალი რეზა სულეიმან პაკის დაკავების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის თბილისში მდებარე სპარსული რესტორან  Nayeb-ის მფლობელია. მისი ვაჟის, ანტონ სულეიმანის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.

„რესტორნის 100%-იანი წილის მფლობელი ვარ მე, კანადის მოქალაქე ანტონ სულეიმონი. ალი რეზა პაკი, არის გერმანიის მუდმივი მცხოვრები, პოლიტიკურად აქტიური პიროვნება და ის მუშაობს გერმანიის უმაღლეს საგამოძიებო სამართალდამცველ ორგანოში. კერძოდ ალი რეზა სულეიმან პაკი არის გერმანიის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გამომძიებელი“, — განაცხადა დაკავებულის ვაჟმა პირველ არხთან ინტერვიუში.

მეტიც, ანტონ სულეიმანი ამტკიცებს, რომ მამამისს ირანშე შესვლა ეკრძალება.

დოდო გუგეშაშვილის ვაჟის მკვლელობა: დასახელდა შესაძლო მიზეზი

რაც შეეხება ვაჰიდ ებადის, რომლის მკვლელობის მომზადება ბრალად ედება ალი რეზას, მან არაერთხელ მიმართა სასამართლოს იმის გამო, რომ თითქოს სულეიმან პაკის მისი ვალი ჰქონდა.

„მას ირანში შესვლა ეკრძალება ვაჰიდ ებადი, ვის მკვლელობის მომზადებასაც მას გამოძიება ედავება, წილს ფლობს რამდენიმე ბიზნესში, მათ შორის რესტორან „1001 ღამეში“. ჩემი ინფორმაციით, მან ალი რეზა პაკს დაახლოებით 6-ჯერ უჩივლა სასამართლოში, ვალის ქონასთან დაკავშირებით, მაგრამ საბოლოოდ, თავადვე არ ცხადდებოდა სასამართლოში“, — განაცხადა სულეიმანმა.

დაკავებულის ვაჟი ამტიცებს, რომ დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე მამამისი სადილობდა რესტორან Nayeb-ში, რა დროსაც მას მიუვარდა ვაჰიდ ებადი და მას მოკვლით დაემუქრა.

„რამდენიმე კვირის წინ, ალი რეზა პაკი „ნაიებში“ სადილობდა, რა დროსაც, მას ვაჰიდ ებადი მოუვარდა, ამოიღო იარაღი და ემუქრებოდა მისი და მისი 13 წლის ქალიშვილის ლიკვიდაციით. ამავე დროს, შეაშინა რესტორანში მყოფი პერსონალიც. შემდეგ მან დატოვა რესტორანი, ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია და სამართალდამცველებმა ვაჰიდ ებადი სახლში დააკავეს, ის წაიყვანეს სამმართველოში დაკითხვაზე. ამასთან გაჩხრიკეს მისი კუთვნილი ერთ-ერთი რესტორანი“, – აღნიშნა დაკავებულის ვაჟმა.

შემდეგი სასამართლო სხდომა 22 მარტს გაიმართება.

გამოძიება ანგარებით, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილი), რაც ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.