საქართველოს რაგბის ნაკრებმა ქუთაისში ბელგიელები გაანადგურა

საქართველოს რაგბის ნაკრება ბელგია მეოთხედ დაამარცხა
Sputnik

თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ერთა თასის ფარგლებში ქუთაისში „აია არენაზე“ ბელგიის ნაკრები ანგარიშით 47:0 გაანადგურა.

მთელი შეხვედრის განმავლობაში სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობა მასპინძლის მხარეს იყო. შეხვედრის პირველ ნახევარში, რომელიც ანგარიშით 28:0 დასრულდა, ქართველებმა მეტოქის ზონაში ოთხი ლელო დადეს. მათი ავტორები გახდნენ: ლევან ჩილაჩავა, შალვა მამუკაშვილი, ზურაბ ჟვანია და ბექა წიკლაური.

მეორე ტაიმში მასპინძელმა წარმატება კიდევ სამჯერ იზეიმა. ლელო გიორგი ფრიუძის, სანდრო თოდუას და ანზორ სიჭინავას ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ სიჭონავასათვის ეს წარმატებული ლელო პირველია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.

კალაძე: ხარისხზე ვართ ორიენტირებული და არა „ჰარი-ჰარალეზე"

შვიდიდან ექვსი გარდასახვა ბექა წიკლაურმა განახორციელა.

დღემდე საქართველოს და ბელგიის ნაკრებები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ და სამივე შეხვედრა ქართველი ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა. ყველაზე დიდი გამარჯვება ქართველებმა თბილისში 2014 წელს მოიპოვეს, მაშინ შეხვედრა ანგარიშით 35:0 მილტონ ჰეიგის შეგირდების სასარგებლოდ დასრულდა. 

მომდევნო თამაშს ევროპის ერთა თასის ფარგლებში საქართველოს ნაკრები 17 თებერვალს გასვლაზე გერმანიის წინააღმდეგ გამართავს.

ევროპის ერთა თასის მოქმედი მფლობელია რუმინეთი, რომელმაც საქართველოს ნაკრების გეგემონია გაწყვიტა, რომელიც ჯილდოს ექვსი წლის განმავლობაში იგებდა.