პაატა ბურჭულაძე სასამართლოში გამოკითხეს

მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემ პროკურორი იმაში დაარწმუნა, რომ ფონდ „იავნანას“ შემოწირულობების 100% იხარჯებოდა და იხარჯება ქველმოქმედებაზე
Sputnik

თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. ცნობილმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში უპასუხა პროკურატურის კითხვებს მის მიერ დაფუძნებული ფონდ „იავნანასთან“ დაკავშირებით, რომელსაც ფულის მითვისება ედება ბრალად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე ფონდ „იავნანას" თანხების შესაძლო მითვისების საქმეზე სექტემბერში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" განცხადების შემდეგ აღძრა. მიზეზი ინტერნეტ-პორტალ Pos TV-ზე გასული ფილმი გახდა, რომელშიც ნათქვამია, რომ ფონდ „იავნანა" თანხების დიდ ნაწილს ითვისებს და ქველმოქმედებითვის არ ხარჯავს.

პროკურატურა პაატა ბურჭულაძის ფონდის საქმიანობით დაინტერესდა

ბურჭულაძემ ჩვენება მოსამართლის თანდასწრებით მისცა და განაცხადა, რომ გამომძიებლებს არ ენდობა.

„ისინი, ალბათ უახლოეს დროს გააკეთებენ დასკვნას, და ეს საქმე დაიხურება. ეს იმდენად თითიდან გამოწოვილი საქმეა, რომ ზოგიერთ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მეუხერხულებოდა. მაგრამ ყველა შეკითხვაზე ვუპასუხე და მოსამართლე და გამომძიებელი დარწმუნდნენ, რომ ეს უსაფუძვლო ბრალდებაა… პროკურატურა დარწმუნდა, რომ შემოწირულებების 100% იხარჯებოდა და იჯარჯება ქველმოქმედებაზე“, — განაცხადა ბურჭულაძემ.

ამასთან, პროკურორი მაია ჯვარშეიშვილი ბურჭულაძის პასუხების დამაჯერებლობაში ასეთი დარწმუნებული არ არის.

„დაკითხვის ფარგლებში გამოძიებამ ამ ეტაპზე ყველა საინტერესო კითხვა დასვა. სამწუხაროდ, გამოძიების ინტერესი შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ვინაიდან, კითხვების ნაწილზე დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხები ვერ მივიღეთ… პაატა ბურჭულაძე თბილისში ყოფნის დრო ქირაობდა მაღალი კლასის სასტუმროებს, სადაც განთავსდებოდა ხოლმე ღამისთევისთვის, ასევე ფონდის თანხებითაა ანაზღაურებული პაატა ბურჭულაძისა და მისი მეუღლის მგზავრობის ხარჯები, რაზეც ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე ამომწურავად პასუხები გაცემული არ ყოფილა“, — განაცხადა მაია ჯვარშეიშვილმა.

მისი თქმით, ბურჭულაძის საქმეზე გადაწყვეტილება ყველა მტკიცებულების შესწავლის შემდეგ მიიღება.

„საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეფასდება, შემდეგ ვიმსჯელებთ მომდევნო ნაბიჯებზე და სამართლებრივ გადაწყვეტილებებზე. შეფასდება, რამდენად მიზნობრივად იხარჯებოდა ფონდ „იავნანას“ თანხები“, — განაცხადა ჯვარშეიშვილმა.

ბურჭულაძემ საქართველოს პრემიერს დამარცხების აღიარებისკენ მოუწოდა

მან არ გამორიცხა ბურჭულაძის კიდევ ერთი გამოკითხვის საჭიროება, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებას ახალი კითხვები გაუჩნდება.

მსოფლიოში აღიარებულმა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „იავნანა" 2004 წელს დააფუძნა. დაარსების დღიდან „იავნანა" ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის თავშესაფარი გახდა. ფონდის ეგიდით მრავალი საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. როგორც ფონდის ვებგვერდზეა აღნიშნული, შემოსული თანხები მთლიანად მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ხმარდება.

2006 წელს გაერომ პაატა ბურჭულაძეს საქველმოქმედო საქმიანობისთვის გაეროს კეთილი ნების ელჩის წოდება მიანიჭა. 2016 წელს, პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, პაატა ბურჭულაძემ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა.

პოლიტიკიდან წასვლის შემდებ ბურჭულაძე უცხოეთში საოპერო მომღერლის მოღვაწეობას დაუბრუნდა.