თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში ჭერის ფრაგმენტი ჩამოინგრა, იუწყება თეატრის Facebook-გვერდი.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებისთანავე მივმართოთ კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაზიანებული უბნების შეკეთებამდე და შენობის უსაფრთხოების დადგენამდე შეჩერდეს ფოთის თეატრში სპექტაკლებისა და სხვა ღონისძიებების გამართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ფოთის თეატრი იხსნის პასუხისმგებლობას მოსალოდნელ შედეგებზე“, — ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 2014 წლის 1 ივნისს ფოთის თეატრის შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა, რომელიც 9 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიმდინარე სამუშაოებისთვის სულ ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.