დავით აღმაშენებლის ეპოქის უნიკალური დოკუმენტები ქუთაისში გამოიფინება

„დავითობაზე“ ქუთაისსა და მის შემოგარენში გაიმართება გამოფენები და კონცერტები, რომლებიც გელათის აკადემიის დამაარსებელს მიეძღვნება
Sputnik

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. გამოფენა „დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობა“ ქუთაისში 2018 წლის 8 თებერვალს, „დავითობაზე“, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიმართება.

ქუთაისის მერიისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ექსპოზიცია  გელათის სამონასტრო კომპლესთან არსებულ გელათის აკადემიის შენობაში გაიხსნება, ნათქვამია ღონისძიების ანონსში.

ქუთაისის აეროპორტთან ტურისტულ ზონას ააშენებენ

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დავით მეფის ხელნაწერი მემკვიდრეობა, რომელიც ასახავს აღმაშენებლის ეპოქის სამწერლობო ტრადიციას და ბაგრატიონთა საგვარეულოს სხვა წარმომადგენელთა დოკუმენტებს.

უნიკალურ ექსპონატებს შორის არის — დავითის ავტოგრაფი დაცული სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში, „გალობანი სინანულისა“, რუის-ურბნისის ძეგლისწერა“, გელათისა და ვანის სახარებები, გიორგი III-ისა და ლაშა გიორგის სიგელები.

მაყურებელი ასევე ნახავს ღია ბარათების კრებულს „დავით აღმაშენებლის მემკვიდრეობა — ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში“.

გელათის აკადემიის შენობაში გაიმართება საგალობლების ფესტივალი. საგალობლების ფესტივალში ახალგაზრდა გუნდებთან ერთად („აღსავალი“, „იადგარი“) მონაწილეობას მიიღებს ანჩისხატის ტაძრის გუნდი, რომელმაც XIX საუკუნის ქართული გალობის სანოტო კრებულებზე დაყრდნობით საქართველოში პრაქტიკულად პირველმა დაიწყო ქართული საგალობლების ტრადიციების აღდგენა.

საღამოს ლ. მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება ქუთაისის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის საზეიმო კონცერტი.

გელათის ფრესკები 3D-ში - მონასტრის მოხატულობა ციფრულ ფორმატში შეინახება

გარდა ამისა, „დავითობის“ დღეს გელათის სამონასტრო კომპლექსში გაიმართება საზეიმო წირვა, დამსწრე საზოგადოება პატივს მიაგებს დავით აღმაშენებლის საძვალეს.

დავით აღმასენებელმა, შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა სახელმწიფო მოღვაწემ 36-წლიანი მეფობის პერიოდში გამოიყვანა საქართვალო სრული დაქცეულობიდან, გააერთიანა ქვეყანა, სახელმწიფო მართვის სტრუქტურების რეორგანიზაცია მოახდინა, შექმნა რეგულარული არმია, ქვეყანა ძლიერი და დამოუკიდებელი გახადა. ის ასევე ხელს უწყობდა მოსახლეობის განათლებას.

XIII საუკუნის ბოლო საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი, როგორც კეთილმორწმუნე მეფე, წმინდანად აღიარა.